პარტია "ლელო საქართველოსთვის" პოლიტსაბჭოს წევრის, ფიქრია ჩიხრაძის თქმით, მაქსიმუმ ერთი საათი იყო საჭირო იმის დასადგენად, თუ ვის ეკუთვნის მამუკა ხაზარაძის მიმართ "მუქარის წერილზე" არსებული 20 ანაბეჭდი.
მაქსიმუმ ერთი საათი სჭირდება იმას, რომ ანაბეჭდები, რომელთა ბაზა აქვს საქართველოს სახელმწიფოს, მასთან შედარება მოხდეს პროგრამულად და ჩვენ გვეცოდინება დაახლოებით 10 წუთის შემდეგ ვინ არიან ის ადამიანები, ვისი ანაბეჭდებიცაა ამ წერილზე და ამ ადამიანებს რა ბმა აქვთ ხელისუფლების უმაღლესი ეშელონების წარმომადგენლებთან, - თქვა ფიქრია ჩიხრაძემ.
მისი თქმით, წინასაარჩევნო პერიდში ხელისუფლებას სურს, რომ ეს თემა წინ არ წამოიწიოს და გახარიას წარსულს "ათეთრებს".
"ნაციონალური მოძრაობის წევრი" რომან გოცირიძე ამბობს, რომ ეს პროცესი წინასაარჩევნოდ უნიჭო სპექტაკლია. მისი თქმით, ამ წერილის შემდეგ პოლიტიკური დევნა და რეპრესიები არა მხოლოდ წერილის ადრესატების არამედ ზოგადად სხვების მიმართაც განხორციელდა.
ამ თემაზე დღეს კომენტარი პრემიერმა, გიორგი გახარიამაც გააკეთა. მისი თქმით, შეუძლებელია ღმილის გარეშე უპასუხოს კითხვას, თქვენ "არტარეას" უყურებთ? - უყურეთ არტარეას და მიხვდებით, რომ ობიექტურობის ხარსისხი ნამდვილად გაეზარდა - თქვა მან.
გენერალურმა პროკურატურამ დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა გუშინ, 21 აგვისტოს გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნით, წერილზე არსებული თითის კვალი არ ეკუთვნის საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას.
"გახარიას გათეთრებად" აფასებს "ლელო საქართველოს" ერთ ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე გენერალური პროკურატურის განცხადებას.
შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძემ გიორგი გახარიასგან მიღებულ მუქარის წერილზე პირველი განცხადება ჯერ კიდევ თიბისი ბანკის დამფუძნებლის რანგში გააკეთა.
პარლამენტში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, მაშინდელმა შს მინისტრმა მას წერილი მიწერა, რომელშიც ეწერა, რომ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვეევაში დაუნგრევდნენ რეპუტაციას როგორც ქვეყანაში, ისე საერთაშორისო ასპარეზზე. როგორც მაშინ ხაზარაძე ამბობდა, ერთ ერთი მოთხოვნა ტელეკომპანია "არტარეას" "იმედის ტრენდზე" გადასვლა იყო.