
ნატო ბელარუსის საზღვართან უცხოური ჯარების მობილიზებას უარყოფს. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მტკიცებით, ოფიციალური მინსკის ლიდერის განცხადება, რომლის თანახმადაც ნატო პოლონეთისა და ლიეტუვის საზღვრებთან ჯარების მობილიზებას ახდენს, სიმართლეს არ შეესაბამება.
ალექსანდრ ლუკაშენკოს მტკიცებით, ნატოს მიერ ქვეყნის საზღვრებთან ჯარების მობილიზების მიზანია ბელარუსის დაშლა და ქვეყანაში ახალი პრეზიდენტის დანიშვნა.
ისინი ამწვავებენ სიტუაციას ქვეყნის შიგნით და ხელისუფლების დამხობას ცდილობენ, - განაცხადა ლუკაშენკომ და ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებს მკაცრი ზომების მიღებისკენ მოუწოდა.
ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის შეფასებით, ბელარუსის პრეზიდენტის განცხადება ქვეყანაში მიმდინარე მასობრივი დემონსტრაციებიდან ყურადღების გადატანის მცდელობაა.
რეჟიმი ცდილობს, ქვეყნის შიდა პრობლემებიდან ნებისმიერ ფასად გადაიტანოს ყურადღება. ამისათვის იგონებენ უსაფუძვლო ბრალდებებსა და არარსებულ საფრთხეებს, - განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ.
BBC-ს ინფორმაციით, ნატო მოუწოდებს ბელარუსს, პატივი სცეს საკუთარი მოქალაქეების ფუნდამენტურ უფლებებს.
შეგახსენებთ, რომ 9 აგვისტოს, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადებისთანავე, ბელარუსის მასშტაბით, მრავალათასიანი გამოსვლები დაიწყო და დღემდე გრძელდება. ხალხი ალექსანდრ ლუკაშენკოს დაუსრულებელ მმართველობას აპროტესტებს და არ სჯერათ იმ შედეგების, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა და სადაც, ლუკაშენკოს 80%-იანი მხარდაჭერა აქვს. ხალხი მის გადადგომას, ცვლილებებს და ახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვს.
მშვიდობიან დემონსტრანტებს კი ლუკაშენკოს რეჟიმმა ძალა დაუპირისპირა, რის შედეგადაც არიან დაღუპულები.