
რუსეთმა ოფიციალურად დატოვა უსაფრთხოების საერთაშორისო პაქტი, რომელიც კონვენციური იარაღის გამოყენებას კრძალავს და აცხადებს, რომ ნატოს გაფართოებამ მსგავსი თანამშრომლობა შეუძლებელი გახადა.
1990 წელს დადებული შეთანხმება ევროპაში კონვენციური შეიარაღებული ძალების შესახებ (CFE), რომელიც ხელი ბერლინის კედლის დაცემიდან ერთი წლის შემდეგ მოეწერა, აწესებს ლიმიტებს კონვენციური სამხედრო აღჭურვილობის კატეგორიებზე, რომლებიც ნატოს და მაშინდელ ვარშავის პაქტის ქვეყნებში შეიძლება განლაგებულიყო.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ შეთანხმება ქვეყნის ინტერესებში არ შედიოდა და შეზღუდვების გვერდის ავლა ნატოს ქვეყნებმა ალიანსის გაფართოებასთან ერთად დაიწყეს.
"CFE ხელშეკრულება დაიდო ცივი ომის ბოლოს, როდესაც შესაძლებელი ჩანდა თანამშრომლობაზე დაფუძნებული გლობალური და ევროპული უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის ჩამოყალიბება. CFE-ის ხელშეკრულების ფორმალური დაცვაც კი შეუძლებელი გახდა რუსეთის ფუნდამენტური უსაფრთხოების ინტერესების თვალსაზრისით", - აცხადებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
კრემლმა ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც ბირთვული გამოცდის აკრძალვის შესახებ შეთანხმების (CTBT) რატიფიკაცია გააუქმა და კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა გამოცადა.
შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა 1999 წლის ადაპტირებული CFE-ის რატიფიკაცია რუსეთის მიერ საქართველოდან და მოლდოვიდან ჯარების გაყვანას დაუკავშირეს, რაც რუსეთისთვის მიუღებელი იყო.