
პუტინთან დაახლოებულმა ოლიგარქმა ევროპულ სასამართლოში საქმე წააგო. ის სანქციების მოხსნას ითხოვდა. ევროსასამართლო აღნიშნავს, რომ ევროკავშირის საბჭომ სანქციების შესახებ გადაწყვეტილების ადეკვატური დასაბუთება წარმოადგინა.
"საბჭომ წარმოადგინა არაერთი საკმარისად კონკრეტული, ზუსტი და თანმიმდევრული მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ მაზეპინი არის წამყვანი ბიზნესმენი, რომელიც ჩართულია სექტორში, რომელიც უზრუნველყოფს რუსეთის მთავრობის შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს. სანქცია პასუხია ევროკავშირის საბჭოს სურვილზე, მოახდინოს ზეწოლა რუსეთის ხელისუფლებაზე, რათა შეწყვიტოს მისი ქმედებები და პოლიტიკა, რომელიც დესტაბილიზაციას ახდენს უკრაინაში", - აცხადებს ევროპული სასამართლო.
დიმიტრი მაზეპინი ქიმიური პროდუქტების მწარმოებელი Uralchem-ის მფლობელი და აღმასრულებელი დირექტორია. კომპანია რუსეთში ამონიუმის ნიტრატის უმსხვილესი მწარმოებელია, ასევე ამიაკისა და აზოტიანი სასუქების სიდიდით მეორე მწარმოებელი.
2022 წლის თებერვალში, უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ, მაზეპინმა პუტინთან ბიზნესმენების შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მათ განიხილეს რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციების შედეგები. ევროკავშირისთვის ის ფაქტი, რომ მაზეპინი მიწვეული იყო ამ შეხვედრაზე, ისევე როგორც მის საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, მიუთითებს იმაზე, რომ ის არის პუტინის ახლო წრის წევრი, წამყვანი ბიზნესმენი და მხარს უჭერს ან ახორციელებს პოლიტიკას, რომელიც უკრაინას უქმნის საფრთხეს.
ევროკავშირმა მაზეპინს სახსრები გაუყინა და წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე შესვლა ან ტრანზიტი აუკრძალა.