უკრაინამ სანქციები დაუწესა ბიზნესმენ ვახტანგ კარიჭაშვილის კომპანიას Bolero & Company. კომპანია სპეციალიზირებულია მასობრივი მომხმარებლისთვის გამიზნული მაღალი ხარისხის ღვინოების წარმოებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ ჯგუფის კომპანიების ბენეფიციარი მფლობელი არის კარიჭაშვილი ვახტანგ თამაზის ძე, რომელსაც აქვს რუსეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობა. ასევე წერია, რომ ის არის მინიმუმ 14 ქართული კომპანიის დამფუძნებელი და ბიძინა ივანიშვილის ბიძაშვილის, უჩა მამაცაშვილის ბიზნესპარტნიორი.
უკრაინული მხარე ამბობს, რომ კომპანიების შემოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი წარმოიქმნება პროდუქციის რუსულ ბაზარზე გაყიდვით.
"სწორედ ვახტანგ კარიჭაშვილის კომპანიების ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობს შპს Bolero & Company, არის აგრესორ ქვეყანაში ღვინის ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორი, რომელიც აგრძელებს მიწოდების გაზრდას და ბიზნესის კეთებას სანქცირებული პირების მიერ კონტროლირებად რუსულ კომპანიებთან", - წერია განცხადებაში.
კრიჭაშვილი ბოლო კვირას გამოქვეყნებულ Mona.ge-ს სიაში მოხვდა.