მეცნიერების, განათლებისა და კულტურის მუშაკთა პროფკავშირი ხელისუფლებას მიმართავს და მოითხოვს, რომ თეა წულუკიანმა არაერთი კანონდარღვევისთვის პასუხი აგოს. განცხადებას ამ დროისთვის 250 ადამიანი აწერს ხელს
ხელმომწერები აღნიშნავენ, რომ კულტურის მინისტრის მხრიდან სისტემატიურად ირღვევა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, შრომითი კოდექსი და რადიკალურად იზღუდება კულტურის სფეროს სპეციალისტთა პროფესიული საქმიანობა.
"ჩვენ, საქართველოს მეცნიერების, განათლებისა და კულტურის მუშაკთა პროფესიული კავშირის წევრები, მეცნიერები, ხელოვანები, პედაგოგები, კულტურის სფეროში დასაქმებული ადამიანები და საქართველოს საზოგადოების წარმომადგენლები, ვგმობთ და კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით მინისტრ წულუკიანის რეპრესიულ, მიზანმიმართულად დამანგრეველ, ანტიეროვნულ, ანტისოციალურ და არაკვალიფიციურ პოლიტიკას, რომელსაც ეწირება საქართველოს საერთაშორისო რეპუტაცია, საერო, რელიგიური და პრეისტორიული არქეოლოგიური და ისტორიული კულტურული მემკვიდრეობა, მუზეუმები, სამეცნიერო დაწესებულებები, თეატრები, კინო, ოპერა, შემოქმედებითი სივრცეები, მწერლობა, ხელოვნება და ადამიანები. მინისტრის მხრიდან სისტემატიურად ირღვევა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, შრომითი კოდექსი და რადიკალურად იზღუდება კულტურის სფეროს სპეციალისტთა პროფესიული საქმიანობა. ადგილი აქვს ადამიანების შევიწროებისა და მათზე ზეწოლის ფაქტებს.
მოვითხოვთ, მინისტრმა დაუყოვნებლივ აგოს პასუხი ჩადენილი არაერთი კანონდარღვევისა და უსამართლობისთვის, როგორიცაა:
- გელათის სამონასტრო კომპლექსის კედლის მხატვრობის მდგომარეობის დამძიმება,
- შრომის კოდექსის დარღვევა,
- კულტურის სფეროში დასაქმებული ადამიანების შეურაცხყოფა, მათ მიმართ ცილისწამება და სხვა მრავალი.
- ასევე, მოვითხოვთ, კულტურის სფეროს ინსტიტუტებს მიენიჭოს პროფესიული ავტონომია, შეუფერხებლად გაგრძელდეს სამეცნიერო, საგანმანათლებლო, სახელოვნებო და საგამოფენო პროექტების განხორციელება, კანონის შესაბამისად გაიცეს არქეოლოგიური გათხრების ნებართვები, შეწყდეს რეპრესიები და სრულად აღდგეს კულტურის სფეროში დასაქმებულთა უფლებები," - ნათქვამია განცხადებაში.