კულტურის მინისტრი არქეოლოგების წინააღმდეგ - უკვე მე-7 თვეა, არქეოლოგები, გიორგი ბიძინაშვილი და ნიკოლოზ წიქარიძე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან არქეოლოგიური გათხრების დაწყებაზე ნებართვას ვერ იღებენ. ცუცხვათისა და ოროზმანის მღვიმურ სისტემაში შესვლის უფლებას მათ ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე არ აძლევენ.
როგორც არქეოლოგები ამბობენ, მათ ძეგლთა დაცვის სააგენტო სამუზეუმო სისტემაში თეა წულუკიანის პოლიტიკის კრიტიკის გამო სჯის, რადგან ნებართვის გამცემი უწყება სწორედ კულტურის სამინისტროს ექვემდებარება.
"ერთადერთი მიზეზი, რისთვისაც ჩვენ არ გვაძლევენ კანონდარღვევით არქეოლოგიური გათხრების ნებართვებს, მე და გიორგი ბიძინაშვილს, ეს არის ჩვენი დასჯა იმისთვის, რომ ჩვენ გავბედეთ და გავაკრიტიკეთ კულტურის მინისტრი და მისი გუნდი, რომელმაც, რეალურად, ძირი გამოუთხარა ქართულ კულტურას, კულტურულ მემკვიდრეობასა და მისი დაცვის სისტემას, რაც გელათზეც კარგად აისახა და ჩვენ ამაზეც ვისაუბრეთ და ასევე, ჩვენ პროფკავშირული წინააღმდეგობა გავუწიეთ ამ რეპრესიულ პოლიტიკას. ამის გამო ვისჯებით ჩვენ, კანონდარღვევით," - ამბობს წიქარიძე.
ცნობისთვის, ამ წუთებში არქეოლოგები სამეცნიერო ღონისძიებას მართავენ, რომელიც მათ გარდაცვლილ კოლეგას, არქეოლოგ გოჩა კილაძის ხსოვნას ეძღვნება. წესით ღონისძიება ეროვნულ მუზეუმში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა მუზეუმის ხელმძღვანელობამ ამაზე უარი გაურკვეველი მიზეზით უთხრა.