მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებას აანონსებს - ოპოზიციის შეფასებები

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილი სამშობლოში დაბრუნებას აანონსებს. ოპოზიციის წარმომადგენლების ნაწილი ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი ძლიერი პოლიტიკური ფიგურაა და გადაწყვეტილება, სად და როგორ განაგრძოს პოლიტიკური მოღვაწეობა, სააკაშვილმა თავად უნდა მიიღოს. სხვები კი მიიჩნევენ, რომ ექსპრეზიდენტის მიმართვა ბიძინა ივანიშვილის საარჩევნო რიტორიკას ძველ ჩარჩოში დააბრუნებს.

ბიძინა ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის, რამხელა როლი შეუძლია მან ითამაშოს ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებაში. მიხეილ სააკაშვილი დღეს არის პოლიტიკური დევნილი და არ უნდა მივცეთ ამ ვითარებას შესაძლებლობა, რომ ივანიშვილის გეგმა განხორციელდეს და ის გაირიყოს პოლიტიკური პროცესებიდან. პირიქით, ვფიქრობ, სააკაშვილმა უნდა ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი. რა როლი იქნება, ამას ალბათ საზოგადოებას უახლოეს მომავალში თავად ეტყვის, - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი.

განსხვავებული შეხედულება აქვს "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერ შალვა ნათელაშვილს. მისი შეფასებით, სააკაშვილი წარსულის ნაწილია. მიუხედავად ამისა, თუ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ხელს შეუწყობს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის შეცვლას, ნათელაშვილის თქმით, ხელს არ შეუშლიან.

ის არის წარსული მმართველი. შესაბამისად, მთავარი აქცენტები დღეს აღებულია ოლიგარქიული მონსტრის დაქცევაზე... თუ სააკაშვილი ხელს შეუწყობს ამ პროცესს, ჩვენ ხელს არ შევუშლით, - განმარტავს ნათელაშვილი.

"ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრი ლევან თარხნიშვილი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია ევროპული კოალიციის შექმნა ოლიგარქიის წინააღმდეგ და არა კონკრეტული პირების მონაწილეობის საკითხი.

ერთობლივი ძალისხმევით უნდა დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილი, შემდგომ შევქმნათ ერთობლივი ევროპული კოალიცია და დავამთავროთ ერთპიროვნული მმართველობა. ესაა მნიშვნელოვანი და არა ცალკეული პირების მონაწილეობა ამ პროცესში, - ამბობს იგი.

"გირჩის" ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე კი მოვლენებს ირონიულად გამოეხმაურა და Facebook-ზე დაწერა: "shesha ar ari".

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა სამშობლოში დაბრუნება დღეს, 27 აგვისტოს, სოციალურ ქსელში დააანონსა. 

"ქართული ოცნება" საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადებას საქართველოში დაბრუნების შესახებ Facebook-ის გვერდზე ირონიულად გამოეხმაურა წარწერით "Miha Hamodii".

მოგვიანებით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" პოსტს Facebook-ზე "ევროპული საქართველოც"  გამოეხმაურა. პარტია წერს, რომ თუ ამომრჩეველს წრეზე ტრიალი მობეზრდა, გამოსავალი ევროპული კოალიციაა.

"ქართულმა ოცნებამ", ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ არაერთი საქმე აღძრა.

სააკაშვილმა კი საქართველო 2013 წელს, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ დატოვა.

პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს ბრალი წარუდგინა 2007 წლის 7 ნოემბრისა და ტელეკომპანია "იმედის" დარბევის საქმეზე, დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე. პრეზიდენტ სააკაშვილს უკავშირდება ე.წ. "პიჯაკების საქმეც" - პროკურატურა მესამე პრეზიდენტსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას საბიუჯეტო სახსრების, კერძოდ კი 9 მილიონი ლარის გაფლანგვას ედავება. სააკაშვილს ბრალი წარუდგინეს სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზეც. 

მაშინ, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის თანაგუნდელები, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ არსებულ "უსამართლო პოლიტიკურ დევნაზე" საუბრობდნენ.

ამ დროისთვის, მიხეილ სააკაშვილს პატიმრობა მისჯილი აქვს: 

  • სანდრო გირგვლიანის საქმეზე - თავისუფლების სამი წლით აღკვეთა;
  • ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე - ექვსწლიანი პატიმრობა.

მიმდინარე საქმეები: 

  • 7 ნოემბრის საქმე;
  • ე.წ პიჯაკების საქმე.

სააკაშვილი 7 მაისიდან უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი