ისნის მაჟორიტარობისთვის ხატია დეკანოიძე იბრძოლებს. "ნაციონალურმა მოძრაობამ" პოლიტიკური რეალობა ისანი-ავლაბრის ოლქში შეცვალა და მაჟორიტარობის კანდიდატად პარტიის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სახე დაასახელა. განმარტავენ, რომ ეს გადაწყვეტილება გიორგი ვაშაძის მიმართ საპასუხო ნაბიჯი იყო. მას შემდეგ, რაც "სტრატეგია აღმაშენებლის" დამფუძნებელმა "ძალა ერთობაშია" დატოვა და დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაში წამოიწყო, ოპოზიციის მხრიდან კანდიდატურის დაყენების აუცილებლობა დღის წესრიგში დადგა.
"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური სვლის საპასუხოდ, გიორგი ვაშაძე დღეს უჩვეულოდ მოკლე განცხადებით შემოიფარგლა. თქვა მხოლოდ ის, რომ პარტიამ ოპოზიციური შეთანხმება დაარღვია და რომ ის ისნის მაჟორიტარობისთვის ბრძოლას გააგრძელებს.
აქვს თუ არა განაწყენების საფუძველი გიორგი ვაშაძეს? - ისნის მაჟორიტარული ოლქის გარშემო შექმნილი პოლიტიკური ვითარების ახსნას დღეს "რესპუბლიკელების" ლიდერი შეეცადა. დავით ბერძენიშვილი ამბობს, რომ გიორგი ვაშაძე-თამარ ჩარკვიანის საარჩევნო სუბიექტმა გაერთიანებულ ოპოზიციასთან შეთანხმება თავის დროზე ვერ შეძლო. ამიტომ ახლა "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური სვლა და იქ კანდიდატის დაყენება გასაკვირი საერთოდ არ არის.
ოპოზიციის იმ შემადგენლობის პოზიციები კი, ვინც "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში მოლაპარაკებების მონაწილეა, ისნის მაჟორიტარულ ოლქზე განსხვავებულია. ნაწილი არასწორ გადაწყვეტილებაზე მიუთითებს. ნაწილი კი ამბობს, რომ ყველა პარტიას აქვს უფლება შიდაპარტიული ინტერესით იმოქმედოს. თუმცა ოპოზიციური ერთობა დღეს თანხმდებოდა, რომ მიზანი ერთი აქვთ - ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის დასრულება.
ისნის მაჟორიტარობისთვის კანდიდატთა შემადგენლობა მრავალფეროვანია. ოპოზიციიდან ოლქში ხატია დეკანოიძე, გიორგი ვაშაძე, დავით ჭიჭინაძე და ლანა გალდავა იბრძვიან. "ოცნებას" იქ სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი და პრემიერის ყოფილი მრჩეველი კახა კახიშვილი ჰყავს წარდგენილი. "ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილების შემდეგ, დღეს კანდიდატები ამბობდნენ, რომ ეს დარტყმა მხოლოდ გიორგი ვაშაძისთვის იქნება, რადგან მან ამით მთავარი ოპოზიციური პარტიის საარჩევნო ხმები დაკარგა.
"ნაციონალური მოძრაობა" თბილისის 8 ოლქში მხოლოდ სამი მაჟორიტარით: სამგორში, ისანში და გლდანში იბრძოლებს. პარტიას საკუთარი კანდიდატები ეყოლება რეგიონების 22-ვე ოლქშიც.