"ქართული ოცნება" სააკაშვილის დაბრუნებაში დიდ ხიფათს ხედავს - ოპოზიციის შეფასება

გამოქვეყნდა:

ოპოზიცია საქართველოს მე-3 პრეზიდენტის განცხადებას, საქართველოში დაბრუნების შესახებ აფასებს და ამბობს, რომ მმართველი გუნდი მასში დიდ ხიფათს ხედავს.

"ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ ერთადერთი, ვისიც ბიძინა ივანიშვილს ახლა ეშინია, სწორედ მიხეილ სააკაშვილია.

სააკაშვილი ქმნის პოლიტიკურ დღის წესრიგს საქართველოში. ივანიშვილმა სააკაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" სხვა წევრების პოლიტიკური დევნა იმიტომ დაიწყო, რომ ჩვენი საშინელი შიში აქვს, - ამბობს პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე. 

"ქართული ოცნების" ისტერიკა მოწმობს, თუ რამდენად დიდ ხიფათს ხედავენ ისინი სააკაშვილის გზავნილებში - ასე აფასებს რესპუბლიკური პარტიის ლიდერი, ხათუნა სამნიძე, მმართველი პარტიის რეაქციას მესამე პრეზიდენტის დაბრუნებაზე. 

რაც შეეხება "ქართული ოცნების" შეფასებებს, პარტიაში ფიქრობენ, რომ სააკაშვილის ბოდიში იძულებითია და ერთადერთი, რაც მას საქართველოში ელოდება, მართლმსაჯულებაა. 

სააკაშვილის დანაშაულებს ბოდიში არ შველის, მან ამისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხი უნდა აგოს. "ქართული ოცნების" კონკურენტი კი ის პრობლემებია, რომლებიც ქართულ საზოგადობაში არსებობს - ამბობს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი

შეგახსენებთ, რომ 27 აგვისტოს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, საქართველოსა და ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებაზე ისაუბრა. იგი საზოგადოებას ბოდიშს უხდის დაშვებული შეცდომების გამო და აღნიშნავს, რომ ქართველი ხალხის ნების გამარჯვებაში დარწმუნებულია. 

ამის შემდეგ, "ქართული ოცნება" საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადებას საქართველოში დაბრუნების შესახებ Facebook-ის გვერდზე ირონიულად გამოეხმაურა წარწერით "Miha Hamodii".

მოგვიანებით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" პოსტს Facebook-ზე "ევროპული საქართველოც"  გამოეხმაურა. პარტია წერს, რომ თუ ამომრჩეველს წრეზე ტრიალი მობეზრდა, გამოსავალი ევროპული კოალიციაა.

"ქართულმა ოცნებამ", ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ არაერთი საქმე აღძრა.

სააკაშვილმა კი საქართველო 2013 წელს, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ დატოვა.

პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს ბრალი წარუდგინა 2007 წლის 7 ნოემბრისა და ტელეკომპანია "იმედის" დარბევის საქმეზე, დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე. პრეზიდენტ სააკაშვილს უკავშირდება ე.წ. "პიჯაკების საქმეც" - პროკურატურა მესამე პრეზიდენტსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას საბიუჯეტო სახსრების, კერძოდ კი 9 მილიონი ლარის გაფლანგვას ედავება. სააკაშვილს ბრალი წარუდგინეს სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზეც. 

მაშინ, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის თანაგუნდელები, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ არსებულ "უსამართლო პოლიტიკურ დევნაზე" საუბრობდნენ.

ამ დროისთვის, მიხეილ სააკაშვილს პატიმრობა მისჯილი აქვს: 

  • სანდრო გირგვლიანის საქმეზე - თავისუფლების სამი წლით აღკვეთა;
  • ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე - ექვსწლიანი პატიმრობა.

მიმდინარე საქმეები: 

  • 7 ნოემბრის საქმე;
  • ე.წ პიჯაკების საქმე.

მიხეილ სააკაშვილი 7 მაისიდან უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი