იძულებითსა და უსინდისო ბოდიშს ქართული საზოგადოება არ დაიჯერებს - სესიაშვილი სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი ამბობს, რომ ქართული საზოგადოება იძულებით და უსინდისო ბოდიშს არ დაიჯერებს. მისი თქმით, "ქართული ოცნების" ერთადერთი კონკურეტნი არჩევნებში საზოგადოებაში არსებული პრობლემებია.

8 წლის შემდგომ იძულებითსა და უსინდისო ბოდიშს ქართული საზოგადოება არ დაიჯერებს. სააკაშვილის დანაშაულებს ბოდიში არ შველის, მან ამისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხი უნდა აგოს. მე დარწმუნებული ვარ, რომ სააკაშვილის ერთგულ ამომრჩეველსაც კი არ სჯერა მისი დაპირების საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით. ახლა "ქართული ოცნების" ერთადერთი კონკურენტი კი ის პრობლემებია, რომლებიც ქართულ საზოგადობაში არსებობს.

შეგახსენებთ, რომ 27 აგვისტოს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, საქართველოსა და ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებაზე ისაუბრა. იგი საზოგადოებას ბოდიშს უხდის დაშვებული შეცდომების გამო და აღნიშნავს, რომ ქართველი ხალხის ნების გამარჯვებაში დარწმუნებულია. 

ამის შემდეგ, "ქართული ოცნება" საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადებას საქართველოში დაბრუნების შესახებ Facebook-ის გვერდზე ირონიულად გამოეხმაურა წარწერით "Miha Hamodii".

მოგვიანებით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" პოსტს Facebook-ზე "ევროპული საქართველოც"  გამოეხმაურა. პარტია წერს, რომ თუ ამომრჩეველს წრეზე ტრიალი მობეზრდა, გამოსავალი ევროპული კოალიციაა.

"ქართულმა ოცნებამ", ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ არაერთი საქმე აღძრა.

სააკაშვილმა კი საქართველო 2013 წელს, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ დატოვა.

პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს ბრალი წარუდგინა 2007 წლის 7 ნოემბრისა და ტელეკომპანია "იმედის" დარბევის საქმეზე, დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე. პრეზიდენტ სააკაშვილს უკავშირდება ე.წ. "პიჯაკების საქმეც" - პროკურატურა მესამე პრეზიდენტსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას საბიუჯეტო სახსრების, კერძოდ კი 9 მილიონი ლარის გაფლანგვას ედავება. სააკაშვილს ბრალი წარუდგინეს სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზეც. 

მაშინ, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის თანაგუნდელები, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ არსებულ "უსამართლო პოლიტიკურ დევნაზე" საუბრობდნენ.

ამ დროისთვის, მიხეილ სააკაშვილს პატიმრობა მისჯილი აქვს: 

  • სანდრო გირგვლიანის საქმეზე - თავისუფლების სამი წლით აღკვეთა;
  • ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე - ექვსწლიანი პატიმრობა.

მიმდინარე საქმეები: 

  • 7 ნოემბრის საქმე;
  • ე.წ პიჯაკების საქმე.

მიხეილ სააკაშვილი 7 მაისიდან უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი