ეკლესია და ხელისუფლება ისევ ერთმანეთის გვერდიგვერდ და ეპისკოპოსებთან ერთად ფოტოებისთვის პოზიორობა, როგორც საარჩევნო პიარის ნაწილი. ხელისუფლება რომ სამღვდელოებისა და ეკლესიის გავლენებს ისევ ხმების მოსაგროვებლად იყენებს, ეს პრემიერმინისტრის მიერ გავრცელებული ფოტოებიდანაც ჩანს, რომელიც დღეს მან მეუფე გრიგოლთან ერთად გადაიღო.
ამ საკითხზე "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიგა ბოკერიამ ისაუბრა. ამბობს, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება, სასულიერო პირთან ერთად გამოჩნდეს, მათ შორის საარჩევნო კამპანიაში. თუმცა, ბოკერია მიიჩნევს, რომ ცუდია მაშინ, როცა საჯარო პირი ამას ფარისევლობით და ამომრჩევლების "დასანახად" აკეთებს.
ყველა ადამიანს აქვს უფლება, რომ თუ მისი მრწამსი ამას კარნახობს, თავის ცხოვრებაში, საჯარო ცხოვრებაში ან საარჩევნო კამპანიაში, ამა თუ იმ სასულიერო პირთან ერთად გამოჩნდეს. ცუდია, როდესაც ამას აკეთებ ფარისევლურად. რეალურად ამის რომ არ გჯერა და უბრალოდ ამომრჩევლებისთვის შთაბეჭდილების შექმნის მიზნით აკეთებ. ეს უზნეობაა. კიდევ უფრო უარესია როდესაც ამ თემებს იყენებ ოპონენტების წინააღმდეგ შავრაზმული თავდასხმებისთვის, რასაც ივანიშვილის რეჟიმი და გახარია ხშირად აკეთებს. სამწუხაროდ, ჩვენთან ნორმად იქცა ივანიშვილის რეჟიმის პირობებში გარიგებები, რომ პრივილებიების სანაცვლოდ პოლიტიკური მხარდაჭერა, მათ შორის შავრაზმული და ძალადობრივი იდეების გავრცელების ხარჯზე და ეს აბსოლუტურდ არანორმალურია, - ამბობს ბოკერია.
მანამდე, ამ თემაზე ისაუბრეს ახალციხის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა და მამა შალვა კეკელიამ. კომენტარი გააკეთ მამა ანდრია სარიამაც. მისი თქმით, საპატრიარქოსთან აფილირებული სასულიერო პირების "ქართული ოცნების" პიარ კამპანიაში ჩრთულობა დღესაც გრძელდება.
მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ ეკლესია და სახელმწიფო ერთმანეთისგან გამიჯნული უნდა იყოს. მისი აზრით, თუ ეკლესია პოლიტიკაში ჩაერევა ეს სასიამოვნო არ იქნება, მაგრამ ფაქტს მთლიანად თავიდან ვერ ავიცილებთ.
რაც შეეხება მამა შალვას, მღვდელმა აღნიშნა, რომ ეკლესიის მხრიდან პირდაპირ, რომელიმე პარტიის მხარდაჭერა მიუღებელი ფორმაა. მისი თქმით, ეკლესია პარტიას და ადამიანს არ გამოყოფს და მრევლის ნაწილი ყველა შეიძლება იყოს.