თეა წულუკიანის შემოღებულ შეზღუდვებს მოულოდნელად ეკლესია უცხადებს მხარდაჭერას. სასულიერო პირები ხელოვნურ განაყოფიერებას ეწინააღმდეგებიან და ასობით ქალს ფაქტობრივად ართმევენ დედობის უფლებას.
დღეს, ეკლესიის წარმომადგენლებმა ღიად დაუჭირეს მხარი თეა წულუკიანის გადაწყვეტილებას. მეუფეები განმარტავენ, რომ იუსტიციის მინისტრმა სწორი პოზიცია დაიკავა, რადგან სუროგაცია დაუშვებელია. უცნობია, იყო თუ არა ეკლესიის წარმოადგენლების დღევანდელი განცხადებები საპატრიაქოსთან შეთანხმებული.
არასამთავრობო ორგანიზაციებს ექსტრაკორპორულ განაყოფიერებაზე ეკლესიის ასეთი დამოკიდებულება აფიქრებინებს, რომ წულუკიანმა ბრძანება წინასაარჩევნოდ სწორედ საპატრიარქოსა და ამომრჩეველთა ნაწილის გულის მოსაგებად მიიღო. მესამე სექტორის წარმომადგენლები თვლიან, რომ თუ ხელისუფლებას შესაძლო ბავშვთა ტრეფიკინგის თავიდან აცილება სურს ამისთვის სხვა მექანიზმებით უნდა იბრძოლოს და არა იმ ბრძანებით, რომელიც ძალაში 2020 წლის 1-ლი სექტემრიდან შევა.
თეა წულუკიანის მიერ მიღებული ბრძანება მეორე დღეა კრიტიკის საგანია. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ უკვე ამზადებს საკონტრიტუციო სარჩელს, როგორც წულუკიანის გადაწყვეტილებაზე ისე ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონზე, სადაც განმარტებულია, რა არის ექსტრაკორპორული განაყოფიერება და ვის აქვს სარგებლობის უფლება. არასამთავრობო ორგანიზაციის იურისტი განმარტავს, რომ ეს ჩანაწერი არაკონსტიტუციურია და მარტოხელა ქალსა და კაცს ამ სერვისით სარგებლობის უფლებას ართმევს.
დარგის სპეციალისტები თვლიან, რომ სამართლებრივ პრობლემებთან ერთად, წულუკიანის მიერ ხელმოწერილი ბრძანება პრობლემას იმ წყვილებს უქმნით, რომლებიც 35 წლის ან გვიან ასაკში დაოჯახდნენ. თვლიან, რომ ეს გადაწყვეტილება ამ ტიპის ოჯახებისთვის რისკის შემცველია.
კიდევ ერთი პრობლემა სტატისტიკაა. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში თვლიან, რომ პრობლემას ის კლინიკები ქმნიან, რომლებიც დროულად არ აწვდიან სახელმწიფო სერვისების სააგენტოს სრულ ინფორმაციას სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვების შესახებ, რის გამოც სტატისტიკის დროულ ასახვასა და ამ ბავშვების მეთვალყურეობას უშლის ხელს.