სააკაშვილი და ბოკერია "პატრიოტთა ალიანსში" უკანონო გამოძიებას აწარმოებენ - ინაშვილი

გამოქვეყნდა:

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა, ირმა ინაშვილმა მიხეილ სააკაშვილსა და გიგა ბოკერიას "პატრიოტთა ალიანსში" უკანონო გამოძიებაში დასდო ბრალი. ამ ინფორმაციას ინაშვილი იმ პოსტში წერს, რომელითაც Facebook-ის საკუთარ გვერდზე, აჭარაში გაკრულ, "პატრიოტთა ალიანსის" ბანერს ეხმაურება.

მისი თქმით, ეს ბანერი პოლიტსაბჭოზე სრულიად განსხვავებული სახით შეიმუშავეს. "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ამ ბანერის გაკვრაშიც ისევ მიხელ სააკაშვილსა და გიგა ბოკერიას მოიაზრებს.

ამ თანხების ფონზე, ვინმეს 10 000 ლარი რომ გადაუხადონ, ცხადია, ის თავისუფლად გააგზავნის არასწორად შეფერადებულ ბანერსაც და გააკრავს კიდეც იმ ადგილზე, რომელიც მერიასთან დღემდე არ შეგვითანხმებია. ისე გააკრავს, რომ მეც, დავით თარხან-მოურავიც და პოლიტსაბჭოს წევრებიც ამას სააკაშვილ-ბოკერიას ტელევიზიებიდან გავიგებთ. დღეს ასეც მოხდა, - წერს ინაშვილი.

ირმა ინაშვილი Facebook-ზე იმასაც წერს, რომ 50 000-დან 1 000 000 ლარზე მეტს უხდიან იმ ადამიანებს, ვინც მისი პარტიის შიდა ინფორმაციას გაიტანს.

სჭირდებათ ყველანაირი ინფორმაცია, რაზე ვსაუბრობთ, ვინ მოდის ჩვენთან, რას ვგეგმავთ, ვის ვეკონტაქტებით ტელეფონით და ა.შ. სჭირდებათ ფოტო, აუდიო მასალა. მოკლედ, უკანონო გამოძიებას აწარმოებენ. ამ თანხების ფონზე, ვინმეს 10 000 ლარი რომ გადაუხადონ, ცხადია, ის თავისუფლად გააგზავნის არასწორად შეფერადებულ ბანერსაც და გააკრავს კიდეც იმ ადგილზე, რომელიც მერიასთან დღემდე არ შეგვითანხმებია, - "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი.

ირმა ინაშვილი არ გამორიცხავს შიდა და გარე პროვოკაციებს და "ეს ყველაფერი" მტრების მიერ დაგეგმილი, მოფიქრებული ჰგონია. თუმცა წერს იმასაც, რომ "შეიძლება შემთხვევითობების ჯაჭვია და ვცდები".

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი დღეს, ბანერის თემაზე "ოცნების" კომენტარებსაც გამოეხმაურა. 

ფეიკი მეგონაო, მდინარაძემ. მე თვითონ მდინარაძე მგონია პოლიტიკური ფეიკი. კობახიძე შმატრიოტებზე რომ საუბრობს, ალბათ, თავის თავს გულისხმობს, ვინაიდან დღემდე ვერ გაიგო და კიდევ დიდხანს ვერ გაიგებს, რა არის ეროვნული ცნობიერება და ასეთი ადამიანი პარლამენტის თავმჯდომარე რომ იყო, ესეც ფეიკი მგონია და არა რეალობა. შარმანაშვილზე არაფერს ვიტყვი, ის უბრალოდ ნულია, - წერს ირმა ინაშვილი

შეგახსენებთ, რომ "პატრიოტთა ალიანსის" საარჩევნო ბანერზე აჭარის რეგიონი ოკუპირებული ტერიტორიების მსგავსად მონიშნა და საქართველოს დარჩენილი ტერიტორიიდან გამოყო. შესაბამისი ფოტო დღეს, 29 აგვისტოს სოციალურ ქსელში გავრცელდა. 

საღამოს, "ლელო საქართველოსთვის" წევრმა და ბათუმის მაჟორიტარ კანდიდატად წარდგენილი ირაკლი კუპრაძემ ეს ბანერი ჩამოხია. 

ცნობისთვის, ოპოზიცია "პატრიოტთა ალიანსის" საარჩევნო სიიდან მოხსნასა და მათი წევრების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს. პოლიტიკოსების შეფასებით, დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ, რომ "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული პარტია კრემლიდან ფინანსდება, მთავარმა პროკურატურამ აუდიტთან ერთად უნდა შეისწავლოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი