"პატრიოტთა ალიანსმა" საარჩევნო ბანერი ავთო ბოლქვაძის კუთვნილ ტერიტორიაზე ისე გააკრა, რომ მეპატრონე ბანერის შინაარსის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა. ამბობს, რომ სტანდარტული საარჩევნო რეკლამა ეგონა, თუმცა მოგვიანებით აღმოაჩინა, რომ ბანერზე გამოსახულ რუკაზე აჭარის რეგიონი ოკუპირებულ ტერიტორიებთან იყო გაიგივებული.
პროვოკაციული ბანერის გამოჩენამ საზოგადოებაში შეშფოთება გამოიწვია. მოძრაობა "ლელო საქართველოსთვის" აჭარის მაჟორიტარობის კანდიდატმა ბანერი დემონსტრაციულად ჩამოხსნა. "ლელოში" ამბობენ, რომ მსგავსი ქმედება აჭარლებისთვის შეურაცხმყოფელია.
რატომ არის "პატრიოტთა ალიანსის" ბანერზე აჭარა ოკუპირებულ რეგიონებთან გაიგივებული, რას ნიშნავს მათი რუსული რიტორიკა, ვიზიტები ოკუპირებულ აფხაზეთში და პუტინის პოლიტიკის ღიად პროპაგანდა. ამ კითხვებზე პასუხების მოპოვება თავად პარტიის ლიდერებისგან ვცადეთ, ირმა ინაშვილი "მთავარის" კითხვებს გაურბის და კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს.
ის მომხდარს მხოლოდ სოციალური ქსელით გამოეხმაურა. ინაშვილი საკუთარი ბანერის სახის ცვლილებას ოპონენტებს აბრალებს. ამტკიცებს, რომ ბანერი პოლიტსაბჭოზე განსხვავებული სახით მიიღეს და მისი არასწორად გაფერადებას ვეყნის მეამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსა და "ევროპული საქართველოს"
ლიდერს გიგა ბოკერიას აბრალებს.
ოპოზიციაში თვლიან, რომ პატრიოტთა ალიანსი მიზანმიმართულად ცდილობს ქვეყანაში პრორუსული იდეების გატარებას, მათი ქმედებები ანტისახელმწიფოებრივია და ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას ეწინააღმდეგება. "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" პრორუსული პარტიის საარჩევნო პროცესიდან ჩამოშორებას მოითხოვენ.
"პატრიოტთა ალიანსი" რომ რუსეთიდანაა მართული და საქართველოში პუტინის იდეოლოგიის გამტარებელია, ამაზე თანხმდებიან ანალიტიკოსები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. მიაჩნიათ, რომ პრორუსული პარტიის მოღალატეობრივი ქმედებები აუცილებლად უნდა იყოს გამოძიებული და პროკურატურა ალიანსის დაფინანსების წყაროებითაც უნდა დაინტერესდეს.
დაინტერესდება თუ არა პროკურატურა "პატრიოტთა ალიანსის" დაფინანსებით და პარტიის საქმიანობით, ძნელი სათქმელია. ფაქტია, რომ აქამდე სახელისუფლებო პარტია "პატრიოტთა ალიანსის" ღია პრორუსულ არც განცხადებებზე და არც ქმედებებზე არ რეაგირებს. მეტიც ინაშვილის პარტია "ქართული ოცნების" სატელიტი რომ არის, ეს პოლიტკური სპექტრისთვის კარგადაა ცნობილი. ივანიშვილის გუნდს არც პარტიის ლიდერების ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლასა და იქ მოლაპარაკებებზე ჰქონია რეაგირება. ეს კი ექსპერტებისა და პოლიტიკოსების მოსაზრებით, საკმარისი მიზეზია იმისათვის, რომ პარტია არა მხოლოდ საარჩევნო რეგისტრაციიდან მოიხსნას, არამედ მისი პოლიტიკური პასუხიმგებლობის საკითხიც დადგეს.