
ბოდბელი მთავარეპისკოპოსის, მეუფე იაკობის აზრით, თუ რომელიმე პოლიტიკოსი მასთან მივა, ეს არჩევნებში ჩარევა არ იქნება. როგორც მან სოფელ მაღაროს წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას თქვა, "ხელისუფლებიდან თუ მოვიდა ვინმე წირვაზე, პირკატა ეცემათ ხოლმე".
მისივე თქმით, საქართველოში არსებული ყველა ტელევიზია პარტიულია, ზოგი სამთავრობო და ზოგიც - არასამთავრობო. "დაიწყებენ ხოლმე, რომ ხელისუფლების წარმომადგენლობა მივიდა, ან დეპუტატობა და უკვე ეკლესია შეეკრა იმათ, ფულს სთხოვენ, რაღაცებს სთხოვენ. ეს სირცხვილია!"
მისივე თქმით, მას არ უჭირს გამოხატოს, რა არ მოსწონს ხელისუფლებასა და ოპოზიციაში - "როდის ყოფილა, სად გინახივართ, რომ მე პარტიულ იმაზე ვესწრებოდი. არც გინახივართ და არც მნახავთ იმიტომ, რომ მე ჩემი არჩევანი მაქვს და ღმერთი მაქვს ამორჩეული".
მეუფე იაკობი ამბობს, რომ ზოგიერთი პარტია სექტას ემსგავსება.
კაცი თუ მოვიდა ჩემთან არ უნდა მივიღო? რა ჩემი საქმეა, ვინმე პოლიტიკოსი თუ სხვა კონფესიასთან წავიდა? ვისაც სად უნდა იქ წავა, თავისუფალი არჩევანი გვაქვს. ეს არ არის არჩევნებში ჩარევა. არჩევნებში ჩარევა თუ მინდა, გამოვალ და ვიტყვი, ამიტომ ჭკვიანად უნდა იყვნენ და ტყუილად ნუ გვაბრალებენ რაღაცას. ყველა ჩვენიანია, პოზიცია თუ ოპოზიცია, დამნაშავეა, თუ არ არის დამნაშავე, ყველა ჩვენი შვილია აბსოლუტურად.
ჩემთან ვინმე მოვიდა და ხელი ვკარი? კარგად გადახედონ ვინ უფრო მოდიოდა, ხელისუფლება შეიცვალა და ისინი უფრო მოდიოდნენ, დასჯის რომ ეშინოდათ. საკმაოდ ბევრს, ვინც ვიცოდი, რომ სისხლში გასვრილი არ იყო წინა ხელისუფლებიდან, დავეხმარე. 7 და 10 კაცის გამო ყველა ხომ არ უნდა დაისაჯოს? პარტია უფრო დიდია თუ ქართველობა? ჩემი ქართველები არიან, საქართველოს შვილები არიან და ვინც არ უნდა მოვიდეს, მივიღებ.
რაც უფრო მივდივართ არჩევნებისკენ, მით უფრო ბევრს ლაპარაკობენ. თუ ჩავერიე, არ მგონია, მაგათთვის სასიკეთოდ დამთავრდეს. ჭკვიანად იყვნენ და ნუ ეშინიათ, ხალხი ვისაც აირჩევს, აირჩევს! თქვენ ბედნიერი ხალხი ხართ, არჩეული გყავთ ქრისტე. მე როგორ უნდა გითხრათ, ვინმეს მიეცით ხმა, რა ჩემი საქმეა? ერთადერთი თავისუფლება, რაც კონსტიტუციით გაქვთ, ხმის თავისუფლებაა, არჩევანის თავისუფლება. სხვა ყველაფერს სახელმწიფოს გადასცემთ, ყველა სადამსჯელო ფუნქციას და არაფერი გრჩებათ. მე ვისაც არ ავირჩევ და რა დამოკიდებულებაც მაქვს, ყველამ კარგად იცის, - ამბობს მეუფე იაკობი.
მეუფე იაკობის ამ განცხადებებს წინ უძღვოდა 28 აგვისტოს პრემიერმინისტრის მიერ გავრცელებული ფოტოები, სადაც გიორგი გახარია მეუფე გრიგოლთან ერთადაა.
ხელისუფლება რომ სამღვდელოებისა და ეკლესიის გავლენებს ისევ ხმების მოსაგროვებლად იყენებს - ამ თემაზე ისაუბრეს ახალციხის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა და მამა შალვა კეკელიამ. კომენტარი გააკეთა მამა ანდრია სარიამაც. მისი თქმით, საპატრიარქოსთან აფილირებული სასულიერო პირების "ქართული ოცნების" პიარ კამპანიაში ჩრთულობა დღესაც გრძელდება.
მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ ეკლესია და სახელმწიფო ერთმანეთისგან გამიჯნული უნდა იყოს. მისი აზრით, თუ ეკლესია პოლიტიკაში ჩაერევა ეს სასიამოვნო არ იქნება, მაგრამ ფაქტს მთლიანად თავიდან ვერ ავიცილებთ.
რაც შეეხება მამა შალვას, მღვდელმა აღნიშნა, რომ ეკლესიის მხრიდან პირდაპირ, რომელიმე პარტიის მხარდაჭერა მიუღებელი ფორმაა. მისი თქმით, ეკლესია პარტიას და ადამიანს არ გამოყოფს და მრევლის ნაწილი ყველა შეიძლება იყოს.