
მარტოხელა მშობლები სუროგაციის გზით შვილის ყოლას ვეღარ შეძლებენ. იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ბრძანება ძალაში დღეიდან შედის.
ახალი რეგულაციების მიხედვით, სუროგაციის გზით შვილის ყოლის უფლება მხოლოდ ქალისა და მამაკაცისაგან შემდგარ წყვილს შეეძლება. გარდა ამისა, მათ სულ მცირე, ერთწლიანი ქორწინება ან ამავე პერიოდით თანაცხოვრება მოეთხოვებათ. მინისტრის ბრძანებაში ნათქვამია, რომ ქალისა და მამაკაცის ფაქტობრივ თანაცხოვრებაში ყოფნა ნოტარიულად და შესაბამისი დოკუმენტებით უნდა დადასტურდეს.
არასამთავრობო ორგანიზაციები თეა წულუკიანის ბრძანებას დისკრიმინაციულს უწოდებენ. "საფარის" ხელმძღვანელის, ბაია პატარაიას თქმით, სუროგაციის გამოყენების შესაძლებლობა ამ გადაწყვეტილების გამო მარტოხელა ქალებს არ ეძლევათ.
ეს ბრძანება გასასწორებელია, იმიტომ, რომ ახლავე შეიცავს ტერმინოლოგიურ შეცდომებს და თავისი შინაარსით არის დისკრიმინაციული, ვინაიდან სუროგაციის გამოყენების საშუალება არ ეძლევათ მარტოხელა ქალებს, რომლებსაც არ ჰყავთ მეუღლე. კანონმდებლობა ძალიან დაუხვეწავი და ხარვეზიანია. არ არის დაცული სუროგატი დედების უფლებები და სუროგაციით გაჩენილი ბავშვის უსაფრთხოება, - განმარტავს პატარაია.
შეგახსენებთ, რომ 26 აგვისტოს, იუსტიციის მინისტრმა ახალ ბრძანებას მოაწერა ხელი. თეა წულუკიანის გადაწყვეტილებით, თუ ქორწინებიდან 1 წელი არ არის გასული, ქალი ინვიტრო განაყოფიერებას ვეღარ შეძლებს. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესში ცვლილებები 2020 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდება.
წულუკიანის გადაწყვეტილებას უმწვავესი რეაქცია მოჰყვა ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მხრიდან. ისინი ფიქრობენ, რომ აღნიშნული წესი დისკრიმინაციულია, რადგან ინიციატივა მარტოხელა მშობლებს ბავშვის ყოლას უკრძალავს და არა იმ ოჯახებს, რომლებიც წყვილად ითვლებიან, თუმცა ერთად არ ცხოვრობენ.
კრიტიკის შემდეგ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ინვიტრო განაყოფიერების შესახებ ინიციატივას ახლებურად განმარტავს და ამბობს, რომ კანონში შესატანი შეზღუდვები მხოლოდ სუროგაციას ეხება.
ცნობისთვის, ხელოვნური განაყოფიერებით გაჩენილ ბავშვებზე, საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ 2014 წლის საშობაო ეპისტოლეში ისაუბრა. ამბობს, რომ ხელოვნური განაყოფიერებით გაჩენილი ბავშვები პრობლემატურები იქნებიან. "პრობლემატურნი იქნებიან ის ბავშვებიც, რომლებიც ხელოვნური განაყოფიერებით დაიბადნენ და მათი სიცოცხლე მრავალი ემბრიონის განადგურების შედეგად განვითარდა".