სახელმწიფო აუდიტის სამსახური "პატრიოტთა ალიანსის" დაფინანსების წყაროების შესწავლას იწყებს. აუდიტმა უნდა გაარკვიოს, რამდენად შეესაბამება სიმართლეს "დოსიეს" მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტები, რომელთა მიხედვით, ოკუპანტი ქვეყნიდან ქართული პარტია სოლიდურ დაფინანსებასა და შესაბამის ინსტრუქციებს იღებს.
ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ისინი შეურთებიან სამოქალაქო სექტორსა და ყველა იმ პოლიტიკურ ძალას, რომლებიც "პატიოტთა ალიანსის" დაფინანსების საკითხის მოკვლევით იქნებიან დაინტერესებულები.
შეგახსენებთ, რომ "პატრიოტთა ალიანსის" კრემლიდან სავარაუდო დაფინანსების შესახებ ცნობილი რამდენიმე დღის წინ გახდა. ფაქტის დაფიქსირებისთანავე პარტია "ევროპულმა საქართველომ" პროკურატურისგან გამოძიების დაწყება მოითხოვა. მალევე ოპოზიციის სხვა წევრებიც დაინტერესდნენ საქმის გამოძიებითა და "პატრიოტთა ალიანსის“ პოლიტიკური საქმიანობიდან მოხსნით. პოლიტიკოსების შეფასებით, დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ, რომ "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული პარტია კრემლიდან ფინანსდება, მთავარმა პროკურატურამ აუდიტთან ერთად უნდა შეისწავლოს.
26 აგვისტოს "პატრიოტთა ალიანსის" 2020 წლის არჩევნებიდან მოხსნა "მთავარი არხის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და პოლიტპატიმარმა გიორგი რურუამაც მოითხოვა.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ ხადარკოვსკის მიერ დაარსებული "დოსიე ცენტრი" ვრცელ გამოძიებას აქვეყნებს. დოკუმენტებით ირკვევა, რომ "პატრიოტთა ალიანსს" კრემლთან დაახლოებული პოლიტტექნოლოგები ეხმარებიან. კრემლიდან მოდის ის ფინანსებიც, რომელსაც პარტია საქართველოში, წინასაარჩევნო კამპანიაში ხარჯავს. "დოსიე ცენტრის" მიერ მოპოვებული დოკუმენტებით ჩანს, რომ "პატრიოტები" 4 თვის განმავლობაში საარჩევნო კამპანიაში 8.5 მლნ დოლარი დახარჯვას აპირებენ.