საბერძნეთის მთავრობამ უკრაინისთვის მოძველებული იარაღის სისტემების მიწოდებას მხარი დაუჭირა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, თავდაცვის სამინისტროს უკრაინისთვის იმ იარაღის მიწოდება დაევალა, რომელსაც საბერძნეთის არმია აღარ იყენებს. ამ დროისთვის უცნობია, რას მოიცავს დახმარების პაკეტი, თუმცა როგორც გამოცემა წერს, საბერძნეთის შეიარაღებაში საბჭოთა დროის საჰაერო თავდაცვის სისტემები Tor-ი, Osa, S-300-ი და ZU-23-2-ის საზენიტო იარაღი შედის.
შეგახსენებთ, რომ 27 იანვარს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საბერძნეთისთვის 8.6 მილიარდი აშშ დოლარის F-35 მოიერიშე თვითმფრინავების მიყიდვა დაამტკიცა. საბერძნეთს შეუძლია მიიღოს 20 საბრძოლო თვითმფრინავი, მათი 42 ძრავა, ასევე მართვის სისტემები და სათადარიგო ნაწილები. სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება კონგრესმა 30 დღის ვადაში უნდა დაამტკიცოს.