ევროკავშირმა რეალური ზომები უნდა მიიღოს უკრაინის შეიარაღებასთან დაკავშირებით - ნათქვამია გერმანიის კანცლერის, დანიის, ჩეხეთის, ესტონეთის და ნიდერლანდების პრემიერების ერთობლივ წერილში, რომელიც Financial Times-ზე გამოქვეყნდა.
ევროპელი ლიდერები ევროკავშირს მიმართავენ და მოუწოდებენ, დროულად გადასცეს კიევს დაპირებული 1 მილიონი საარტილერიო ჭურვი.
"ევროპას სჭირდება კოლექტიური ძალისხმევა უკრაინის გრძელვადიან პერსპექტივაში შეიარაღებისთვის, რადგან შეიარაღებული ძალები აგრძელებენ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სრულმასშტაბიანი შეჭრის მოგერიებას.
ევროკავშირმა და მისმა წევრმა ქვეყნებმა უნდა განაახლონ ძალისხმევა და გააძლიერონ სამხედრო მხარდაჭერა და უნდა გაგრძელდეს კოლექტიური ძალისხმევა“, - აცხადებენ ევროპელი ლიდერები ერთობლივ მიმართვაში.
მათი თქმით, უკრაინის მდგრადი გრძელვადიანი სამხედრო მხარდაჭერა საერთო ევროპული პასუხისმგებლობაა და მხოლოდ ასე შეძლებს უკრაინა წარმატებით დაიცვას თავი რუსული აგრესიისგან.
შეგახსენებთ, ხვალ, 1-ელ თებერვალს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები ბრიუსელში, სამიტზე იკრიბებიან, სადაც უნდა გაირკვეს 50 მილიარდიანი დახმარების პაკეტის საკითხი.