აჭარის ჩაკეტვა ეპიდსიტუაციის მიუხედავად არ იგეგმება - აჭარის ჯანდაცვის მინისტრი

გამოქვეყნდა:

მას შემდეგ, რაც აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების 22 შემთხვევა დადასტურდა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მთავრობა, ტურისტების ნაკადის შემცირების შემდეგ, რეგიონის ჩაკეტვას გეგმავს.

გავრცელებულ ხმას აჭარის ჩაკეტვაზე უარყოფს ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე.

მსგავსი გადაწყვეტილება არ დაუანონსებია საკოორდინაციო საბჭოს. ჩვენს დონეზე, არანაირი გადაწყვეტილება არ მიიღება საბჭოს გარეშე, - თქვა მან.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის შესაძლო შემთხვევის გამო, ჩაქვში, სასტუმრო "დრიმლენდ ოაზისში" გადაადგილება დროებით შეეზღუდათ დამსვენებლებს. ინფორმაცია "მთავარს" სასტუმროს წარმომადგენლებმა დაუდასტურეს.

უსაფრთხოების მიზნით, გასვლა და შემოსვლა შეზღუდული არის მიმღებში. ერთ-ერთ სტუმარს გუშინ სიცხე ჰქონდა და ეპიდემიოლოგებმა გადაიყვანეს. პირველი ტესტი უარყოფითი იყო და ახლა მეორე ტესტს ველოდებით, - ამბობს სასტუმროს თანამშრომელი.

აჭარელი პოლოტიკოსი ოპოზიციიდან - მურმან დუმბაძე მიიჩნევს, რომ საზოგადოებას ინფიცირებულთა რაოდენობის შესახებ, წინასაარჩევნო პერიოდამდე, არასწორი ინფორმაცია მიეწოდებოდა. 

არჩევნების მოახლოებასთან ერთად იზრდება კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობაც. ეს არის შეგნებული მოქმედება საქართველოს მთავრობის. მე ვფიქრობ, რომ არ იყო სწორი აღრიცხვა და შეგნებულად ამცირებდნენ მონაცემებს, - განმარტა დუმბაძემ. 

შეგახსენებთ, პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ დღესვე თქვა, რომ ბათუმის ჩაკეტვა არ იგეგმება, თუმცა, საჭიროა უსაფრთხოების ზომების გამკაცრება. 

აჭარის ჩაკეტვა - არ ჩაკეტვის საკითხი მას შემდეგ განიხილება, რაც რომ ბათუმში მდებარე საკონდიტრო "დონაში" ახალი კორონავირუსი გამოვლინდა და COVID-19 თავად საკონდიტროს მფლობელსაც დაუდასტურდა. 

ამ დროისათვის, საკონდიტრო მაღაზიას მუშაობა 14 სექტემბრამდე აქვს შეწყვეტილი და თანამშრომლების ნაწილი თვითიზოლაციაშია.

გაუარესებული ეპიდსიტუაციის გამო, ბათუმში დაგეგმილი მუსიკალური ღონისძიებებიც გაუქმდა.

აქვე, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 27 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. აპრილის შემდეგ კი ეს ახალი ინფიცირებულების რეკორდული მაჩვენებელია. ინფიცირების ყველაზე მეტი, 18 ახალი შემთხვევა, სწორედ ბათუმში გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 1 548
  • გამოჯანმრთელებულია - 1 270
  • მათ შორის გარდაცვლილია - 19
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 6059
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 239, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 26 მილიონს უახლოვდება, 860 000-ზე მეტი ადამიანი კი გარდაიცვალა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი