უკრაინის რამდენიმე ქალაქში რუსების მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა, დაშავდა 30-ზე მეტი.
"კიდევ ერთი მასიური თავდასხმა ჩვენს სახელმწიფოზე. ექვს რეგიონს დაარტყა მტერმა. ჩვენი ყველა სამსახური ახლა მუშაობს ამ ტერორის შედეგების დასაძლევად", - დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლის ვალერი ზალუჟნის განცხადებით კი, რუსეთის მიერ გაშვებული 64 რაკეტიდან უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 44 ჩამოაგდო.
კიევის ქალაქის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში სულ მცირე 19 ადამიანი დაშავდა. დაზიანდა 40-მდე ავტომობილი და ავტოსარემონტო მაღაზია. მეხანძრეებმა რამდენიმე ხანძრის კერა ჩააქრეს. რუსული რაკეტის ნამსხვრევებმა დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზი, რის შედეგადაც კიევის ნაწილს ელექტროენერგია შეუწყდა. დაზიანდა ორი გაზსადენი მიკოლაევში; სამრეწველო ობიექტი ქალაქ დროგობიჩში; რაკეტამ, ქალაქ ხარკოვში არასაცხოვრებელი ინფრასტრუქტურაც დააზიანა.