უკრაინელებმა დღეს შავ ზღვაში კიდევ ერთი რუსული გემი გაანადგურეს. ამის შესახებ პირველმა გამოცემა „უკრაინსკა პრავდამ“ დაწერა, მოგვიანებით კი ოფიციალურმა კიევმა ინფორმაცია დაადასტურა. კომენტარი მედიაში უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალების სპიკერმა დმიტრო პლეტენჩუკმა გააკეთა.
გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ გემზე თავდასხმა საზღვაო დრონებით ყირიმში მდებარე ქალაქი ალუპკასთან ახლოს განხორციელდა. როგორც პლეტენჩუკი ამბობს, ამით რუსების საზღვაო ფლოტი 5 გემამდე შემცირდა.
რა არის ცნობილი „ცეზარ კუნიკოვის“ შესახებ: ეს იყო რუსული სადესანტო გემი ბაზირებული ქალაქ სევასტოპოლში. 1999 წელს ის მონაწილეობდა კოსოვოს ოპერაციაში, 2008 წელს - რუსეთ-საქართველოს ომში და ასევე ახორციელებდა სირიის არმიის უზრუნველყოფას 2015 წელს. გემს, რომელიც წყალზე 1986 წელს ჩაეშვა და 87 მედესანტეს იტევდა, სახელი საბჭოთა კავშირის გმირის, ცეზარ კუნიკოვის საპატივცემულოდ ეწოდა, რომელიც, სხვათა შორის, ზუსტად 81 წლის წინ, 14 თებერვალს დაიღუპა მეორე მსოფლიო ომში.
ავტორი: რამაზ ხატიაშვილი