ქართული ოცნების თავმჯდომარე ღარიბაშვილი ოპოზიციას არჩევნებში სრულ კრახს უწინასწარმეტყველებს. ღარიბაშვილმა პარტიის ხელმძღვანელის რანგში დღეს პირველი ბრიფინგი გამართა და საკუთარ გეგმებზე ლაპარაკით დაიწყო და ოპოზიციაზე თავდასხმით გააგრძელა.
ის ამტკიცებს, რომ ოპოზიციას საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შანსი არ აქვს. ღარიბაშვილის თქმითვე "ოცნებას" კი საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების მიზანი აქვს. ღარიბაშვილს დღეს არც პრეზიდენტი დავიწყებია და სალომე ზურაბიშვილმა მოღალატე უწოდა.
ღარიბაშვილი გამოეხმაურა ხელისუფლების მიმართ „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებებსაც და მას „არარაობა“ და „თაღლითობაში მხილებული“ ადამიანი უწოდა.
"როდესაც თქვენ ისეთ პიროვნებაზე საუბრობთ, როგორიც არის ხაზარაძე, ის კრიმინალად უნდა მოიხსენით. ბატონო ხაზარაძე არის გასამართლებული თაღლითობაში, მიესაჯა და სასამართლომ აღიარა თაღლითად. კაცმა, რომელმაც საკუთარი ბანკი და ინვესტორები გაძარცვა და თაღლითური სქემა შეადგინა, რაზეა საუბარია...
როდესაც იგი საუბრობს ჩვენი პარტიის დამფუძნებელზე და რაღაც მუქარებს აჟღერებს, ვინ არის საერთოდ ხაზარაძე? პროკურორია თუ როგორ ბედავს ასეთი ტიპის განცხადებების გაკეთებას? რეპრესიებს აანონსებს ეს არარაობა, თაღლითობაში მხილებული ადამიანი? - თქვა ღარიბაშვილმა.
"ოცნების" გაღიზიანება მამუკა ხაზარაძის იმ განცხადებამ გამოიწვია, სადაც მან თქვა რომ არჩევნებში დამარცხების შემდეგ, ოლიგარქ ივანიშვილს მოსკოვში მოუწევს წასვლა.
ღარიბაშვილი ასევე უარყოფს შესაძლო კორუფციულ გარიგებებზე მისი ყოფილი მინისტრებისა და მათი მოადგილეების სუს-ში დაბარებაზე არსებულ ინფორმაციას:
"ეს არის სრული სიცრუე და მორიგი დემაგოგია. თქვენ ახლა ხალხს უყვებით ზღაპრებს. არავის სჯერა თქვენი ზღაპრების, მორიგი მოგონილი სისულელე. თქვენ იკითხეთ კონკრეტული გვარები [რომეო მიქაუტაძე, ჯუანშერ ბურჭულაძე], არც ჩემთვის, არც გუნდის წევრებისთვის არ არსებობს მსგავსი ინფორმაცია. არავის სმენია მსგავსი ფაქტის, ბუნებაში არ მომხდარა ასეთი რამ და თქვენ ატყუებთ ხალხს“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, სავარაუდო კორუფციაზე სუს-ის ანტიკორუფციულმა ბიურომ ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე რამდენჯერმე დაიბარა.
თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტაცია კი გამოითხოვა. ამავე ინფორმაციით, გამოკითხვაზე დაიბარეს ბურჭულაძის მოადგილე გიორგი ხაინდრავა და სამინისტროს შესყიდვების სამსახურის უფროსი ვლადიმერ ღუდუშაური.