სამოქალაქო პლატფორმა 2020 იმ სქემას შიფრავს, რომლის მიხედვითაც, პოლიტიკურად გაკოტრებული "ქართული ოცნება" საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური ამომრჩევლისთვის დაბრკოლების შექმნას შეეცდება. შეზღუდვების მიხედვით, საარჩევნო უბანზე არ დაიშვება 2 ამომრჩეველზე მეტი. სხვებს კი გარეთ რიგში დადგომა მოუწევთ, 2-მეტრიანი დისტანციის დაცვით. პერიოდული დეზინფექციის გამო უკიდურესად გაიწელება ხმის მიცემის პროცესი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რიგი საარჩევნო უბანთან კიდევ უფრო დაგრძელდება, იქ კი "ოცნების" აქტივისტები დილიდან შეეცდებიან რიცხობრივი უპირატესობის მოპოვებას.

ეს ლუკაშენკოს სცენარია, რომლის საქართველოში გამეორებასაც ახლა ბიძინა ივანიშვილი შეეცდება, თუმცა პოლიტიკურ აგონიაში მყოფ ხელისუფლებას არსენალში სხვა აკრძალული იარაღიც ექნება, როგორიცაა  კარანტინის გამოცხადება, ქვეყნის ან ცალკეული რეგიონების დაკეტვა, ან კორონა კრიზისისგან  გაღარიბებული მოსახლეობის მოსყიდვა. თუმცა, ამ მეთოდების გასააქტიურებლად, ჯერ პანიკური ფონის შექმნაა საჭირო, რაც ხელისუფლება ცალკეულ რეგიონებში უკვე დაიწყო. გაჩნდა ეჭვი, რატომ დაემთხვა ლევან ვარშალომიძის აჭარაში გამოჩენას ბათუმში მასობრივი ტესტირების დაწყება.

როგორ აპირებენ ჩაატარონ არჩევნები გლობალური პანდემიის პირობებში - ივანიშვილის გუნდი, როგორც ჩანს, თავის გადაწყვეტილებას ბოლო წუთამდე სიურპრიზად დატოვებს. 

გასულ ზაფხულს პარლამენტის მიერ მიღებულმა ცვლილებებმა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას პრაქტიკულად ყველაფრის უფლება მისცა და კორონავირუსის შიშით, ქვეყნის კონსტიტუცია ფარატინა ქაღალდის სტატუსამდე დააქვეითა. სამოქალაქო სექტორში შიშობენ, რომ კორონაპანიკა და მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის საბაბით დაწესებული შეზღუდვები, შესაძლოა, სახიფათო პოლიტიკური ინსტრუმენტი გახდეს დაღმავალი რეიტინგის მქონე პარტიის ხელში. 

ხელისუფლებამ კორონაპანიკის სცენარზე მუშაობა რომ უკვე დაიწყო, კარგად ჩანს სახელმწიფო შესყიდვებიდანაც. რამდენიმე დღის წინ, ხელისუფლებამ საკარანტინო მომსახურების შესაძენად დამატებით 21 მლნ ლარი გამოყო. კორონა პანდემიის პირობებში განხორციელებული შესყიდვების დიდი ნაწილი კი სწორედ "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული კომპანიების ჯიბეში მიდის, რაც იმას ნიშნავს, რომ ივანიშვილის პარტია საკუთარ კამპანიას ხალხის ფულით აფინანსებს და ამას ისევ კორონავირუსით ამართლებს.

კორონა პანდემიის გარიჟრაჯზე მთავარი ეპიდემიოლოგები საზოგადოებას არწმუნებდნენ, რომ ჯანდაცვის სისტემა მოუმზადებელი იყო. ის მოუმზადებელია ახლაც, არავის მოუწყვია რეგიონული კოვიდ მიმღები ცენტრები. არავის უყიდია სასუნთქი აპარატები, რომელიც ასე საჭიროა ვირუსის გართულებული ფორმების სამკურნალოდ.  

ბიძინა ივანიშვილის ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ პანიკის ახალი ტალღა "ქართულ ოცნებას" მაშველ რგოლად ვეღარ გამოადგება და გადამწყვეტი ამ არჩევნებზე არა ოლიგარქის ტრიუკები იქნება - არამედ ხალხის ხმა. 

არჩევნებამდე სულ რაღაც 2 თვე რჩება - ხელისუფლებას კი ჯერაც არ უთქვამს, როგორ ჩატარდება კენჭისყრა პანდემიის პირობებში, ან როგორ ჩამოვლენ ქვეყანაში დამკვირვებლები, მაშინ როცა საჰაერო სივრცე გაურკვეველი ვადით ჩაკეტილია. კორონაპინიკისთვის ფონის შექმნა კი მმართველმა გუნდმა უკვე დაიწყო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი