"პატრიოტთა ალიანსი" იშლება? - პარტია უკვე არაერთმა წევრმა დატოვა

გამოქვეყნდა:

"პატრიოტთა ალიანსის" დატოვების შესახებ არჩილ მამულაძემ, ბათუმის საკრებულოს სხდომაზე თქვა. პარტიის წევრი წასვლის მიზეზად, ბოლო პერიოდში პარტიაში არსებულ ქაოსს ასახელებს. საკრებულოს წევრი ამბობს, რომ პარტიასთან არაერთ საკითხზე შეუთავსებლობა ჰქონდა, თუმცა ბოლო წვეთი "პატრიოტების" მიერ აჭარასთან დაკავშირებით გამოკრული საარჩევნო ბანერები იყო.

არჩილ მამულაძის წასვლის შემდეგ, "პატრიოტთა ალიანსს" არც ბათუმის თვითმმართველობაში და აღარც აჭარის უმაღლეს საბჭოში წარმომადგენელები აღარ ჰყავს. მამულაძემ დღეს საკრებულოს ტრიბუნიდან თქვა, რომ მის მსგავსად აჭარაში პარტია კიდევ რამდენიმე წევრმა დატოვა. ანტისახელმწიფოებრივი პოზიციის გამო დღეს ბათუმის საკრებულოს სხვადასხვა პარტიების წევრები "პატრიოტებისგან" ბოდიშის მოხდას ითხოვდნენ. 

რატომ ტოვებენ ალიანსის პარტიას აჭარის ორგანიზაციის წევრები და რატომ არა შეათანხმეს ლიდერებმა აჭარის რაიონულ ორგანიზაციასთან მთავარი საარჩევნო ბანერი - ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად დღეს  "მთავარმა" პარლამენტში "პარტიოთა ალინსის" ლიდერებს ჰკითხა.

"პატრიოტთა ალიანსისა" და მისი წინასაარჩევნო საქმიანობის მიმართ არაერთი კითხვა არსებობს, ამაზე დღეს პარტიის უკვე ყოფილმა წევრმა არჩილ მამულაძემაც ისაუბრა. მათ შორისაა ორგანიზაცია "ცენტრ დოსიეს" მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტები - ალიანსის კრემლიდან შესაძლო დაფინანსებაზე. ინტერნეტგამოცემამ ხარჯთაღრიცხვაც გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც "პატრიოტთა ალიანსი" 4-თვიანი საარჩევნო კამპანიის დაფინანსებისთვის ოკუპანტი ქვეყნიდან რვა მილიონს ითხოვს.

"პატრიოტთა ალიანსის" ბოლოდროინდელ ქმედებებზე ხელისუფლებასგან მკაცრ რეაგირებას ითხოვს ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი. ფიქრობენ, რომ საეჭვო დაფინანსების წყაროებისა და ანტისახელმწიფოებრივი ბანერების გამო, "პატრიოტთა ალიანსს" არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება არ უნდა მიეცეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი