ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას, რუსული აგრესიის შედეგების დასაძლევად და დევნილთა უზრუნველსაყოფად, 83 მილიონი ევროს ოდენობის დამატებითი ჰუმანიტარული დახმარება გამოუყო.
"დღეს ევროკომისიამ გამოაცხადა 83 მილიონი ევროს ჰუმანიტარული დახმარების გამოყოფა 2024 წელს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად. რუსეთი ახორციელებს მიზანმიმართულ თავდასხმებს უკრაინის მთავარ ენერგეტიკულ და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის საავადმყოფოებზე, სკოლებსა და ელექტროქსელებზე, რაც სერიოზულად აზიანებს მოსახლეობის ხელმისაწვდომობას ძირითად სოციალურ სერვისებზე", - წერია ევროკომისიის განცხადებაში.
ცნობილია, რომ აღნიშნული თანხიდან 75 მილიონი ევრო უკრაინაში ჰუმანიტარული პროექტების მხარდაჭერას მოხმარდება, რომლებიც მიზნად ისახავს გადაუდებელი დახმარების გაწევას და ძირითადი საჭიროებების ხელმისაწვდომობას, როგორიცაა თავშესაფარი, სასმელი წყალი, განათლება და ჯანდაცვა. დანარჩენი 8 მილიონი ევრო კი მოლდოვაში ჰუმანიტარულ პროექტებს ყველაზე მოწყვლადი კატეგორიებისთვის მიზანმიმართული დახმარების აღმოსაჩენად, იქნება გამოყენებული.
"მივესალმებით უკრაინელების გამძლეობას და რკინის ნებას, მაგრამ აშკარაა, რომ ომის პირობებში მათ დაახლოებით 40 პროცენტს ჰუმანიტარული დახმარება სჭირდება. ყველაზე დაუცველთა მხარდასაჭერად 2024 წელს ევროკავშირი 75 მილიონ ევროს გამოყოფს უკრაინას და 8 მილიონ ევროს მოლდოვას. ჩვენ ვაგრძელებთ ადგილზე საჭიროებების მჭიდრო მონიტორინგს, რათა სასწრაფოდ ვუპასუხოთ ყველაზე გადაუდებელ ჰუმანიტარულ გამოწვევას", - განაცხადა ევროკომისარმა კრიზისების მართვის საკითხებში იანეს ლენარჩიჩმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან დღემდე ევროკომისიამ უკრაინას 926 მილიონ ევროზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება გაუწია. ამ თანხიდან 860 მილიონი ევრო გამოიყო უკრაინაში ჰუმანიტარულ პროექტებზე, 66 მილიონი ევრო კი მეზობელი მოლდოვის მხარდასაჭერად, რომელიც უკრაინელ ლტოლვილთა მნიშვნელოვან რაოდენობას მასპინძლობს.