გერმანიის ბუნდესტაგმა უკრაინისთვის შორი დისტანციის სარაკეტო სისტემების მიწოდების შესახებ მომზადებულ წინადადებას მხარი დაუჭირა.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ კოალიციის საპარლამენტო ფრაქციები მხარს უჭერენ უკრაინის "დამატებით საჭირო შორი მოქმედების იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდებას". წინადადებას მხარი ბუნდესტაგის 382-მა წევრმა დაუჭირა; წინააღმდეგი იყო 284, 2-მა კი თავი შეიკავა.
მიღებულ წინადადებაში აღნიშნულია, რომ სხვა საკითხებთან ერთად, "უკრაინას უნდა ჰქონდეს სამხედრო ობიექტებზე დარტყმის შესაძლებლობა, როგორიცაა საბრძოლო მასალის შესანახი პუნქტები, მომარაგების მარშრუტები და სამეთაურო პუნქტები ფრონტის ხაზის მიღმა და შეეძლოს დაიცავს თავის ჯარისკაცებს რუსული სამხედრო ძალების თავდასხმისგან საუკეთესოდ".
დისკუსიის დროს თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა, განაცხადა, რომ უკრაინას შეუძლია გერმანიის შემდგომი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს, როგორც ამას ახლახან დადებული უსაფრთხოების შეთანხმება ადასტურებს.
მანამდე, გერმანიის ბუნდესტაგში არ იყო საკმარისი ხმები ოპოზიციის მიერ შემოტანილი რეზოლუციისთვის, რომელიც უკრაინას შორი მანძილის Taurus-ის რაკეტების მიწოდებას მოითხოვდა. ოპოზიციური გაერთიანების პარტიების (CDU-CSU) მიერ წარდგენილ კანონპროექტს მხოლოდ 182-მა დაუჭირა მხარი, 480 წინააღმდეგი იყო, ხოლო 5-მა თავი შეიკავა.