რუსეთის უკრაინაში შეჭრის 2 წლისთავს NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგიც ეხმაურება. მისი თქმით, უკრაინა ახლა NATO-სთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ოდესმე და აუცილებლად გაწევრიანდება ალიანსში. როგორც სტოლტენბერგი ამბობს, ეს დროის საკითხია.
"2 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსული ტანკები შევიდნენ უკრაინაში და ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ყველაზე დიდი ომი დაიწყო. უპირველესად, მინდა პატივი მივაგო ყველა იმ მამაც უკრაინელს, რომელიც სამშობლოს დაცვის დროს დაიღუპა ან დაიჭრა. პრეზიდენტმა პუტინმა ეს ომი დაიწყო, რომ NATO-ს კარი დაეკეტა და წაერთმია უკრაინისთვის საკუთარი გზის არჩევის უფლება. მაგრამ მან საპირისპირო მიიღო. უკრაინა ახლა NATO-სთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ოდესმე... უკრაინა NATO-ში გაწევრიანდება, ეს უბრალოდ დროის საკითხია. ვემზადებით ამ დღისთვის. NATO გააგრძელებს უკრაინის გვერდით დგომას თქვენი და ჩვენი უსაფრთხოებისთვის," - ამბობს სტოლტენბერგი.
შეგახსენებთ, რომ ზუსტად 2 წლის წინ, 2022 წლის 24 თებერვალს, რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა ომს "სპეციალური სამხედრო ოპერაცია" უწოდა და განაცხადა, რომ მისი მიზანი უკრაინის "დემილიტარიზაციასა და დენაციფიკაცია" იყო.
ომის დაწყებას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 30 სექტემბერს კი რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები.