უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინულ და პოლონურ საზოგადოებებს შორის საზღვრის არსებობა არ სურს და რომ უკრაინისთვის პოლონეთთან კავშირის შენარჩუნება, მნიშვნელოვანია.
"მინდა ვთქვა, რომ ჩვენ მადლობელი ვართ პოლონეთის საზოგადოებისა, რომელიც თავიდანვე უკრაინელებთან იყო და ეს ფაქტია. და მე ნამდვილად არ ვისურვებდი, რომ პოლიტიკოსებმა ისე გააკეთონ... რომ ახლა ეს საზღვარი, რომელიც ჩვენს შორის არსებობს, იყოს ჩვენს საზოგადოებებს შორის", - განაცხადა ზელენსკიმ.
პრეზიდენტს სჯერა, რომ "პოლონეთში ინტელექტუალი ხალხი ცხოვრობს" და ისინი ყველაფერში გაერკვევიან - "ისევე, როგორც ჩვენმა ხალხმა გაარკვია რაშია საქმე. უკრაინის გამოყენება ევროპულ ინსტიტუტებზე ზეწოლისთვის უბრალოდ უსამართლობაა. სწორედ ამაზე ვსაუბრობ".
კითხვაზე, აქვს თუ არა შეხება პოლონელ კოლეგასთან ანდჟეი დუდასთან, უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა განაცხადა, რომ ამჟამად სამუშაო ურთიერთობა აქვს პოლონეთის პრემიერმინისტრ დონალდ ტუსკთან და რომ მას არაერთი შეხვედრა ჰქონდა - დუდასთან და ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან.
"გასული აპრილიდან ვამბობდი, რომ ეს პოლიტიკური საკითხია. თავიდან, მოგეხსენებათ, ჩვენი უკრაინული საზოგადოებაც და ზოგიერთი მედიაც კი მაკრიტიკებდა ასეთი რიტორიკის გამო. მე აბსოლუტურად მართალი ვიყავი და ამას დღეს ევროკომისია ადასტურებს. მე ვთქვი, რომ ნებისმიერი არჩევნები პოლონეთში, ნებისმიერი გუნდი, რომელიც მოვა, ამ ვექტორს არ შეცვლის. ეს არის პოლიტიკური ვექტორი, დღეს ძალიან ნათელია, რომ პოლონეთში შიდა ბრძოლაა", - განაცხადა ზელენსკიმ.
პრეზიდენტმა გამოთქვა რწმენა, რომ ორივე ქვეყნის - უკრაინისა და პოლონეთის პრემიერმინისტრები იპოვიან შესაბამის ნაბიჯებს. - "როგორც პრეზიდენტი, მე უბრალოდ ღიად ვამბობ, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პოლონეთთან კავშირის შენარჩუნება. და თუ ნაბიჯები არ იქნა ნაპოვნი, მაშინ ჩვენ დავიცავთ ჩვენს ბიზნესს".
შეგახსენებთ, რომ უკრაინისა და პოლონეთის მთავრობების შეხვედრა 28 მარტს ვარშავაში გაიმართება და მანამდე ორივე ქვეყანა ტექნიკურ დონეზე იმუშავებს ეკონომიკური პრობლემების გადასაჭრელად.