The New York Times-ის ინფორმაციით, 15 თებერვალს აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი, უილიამ ბერნსი, უკრაინას ფარულად ეწვია. როგორც გამოცემა წერს, ვიზიტის მიზანი, არსებული პრობლემების ფონზე, ქვეყნის ლიდერების დამშვიდება იყო აშშ-ის ფინანსური დახმარების საკითხთან დაკავშირებით.
NYT-ის თქმით, ზოგიერთმა უკრაინელმა დაზვერვის ოფიცერმა ამერიკელ კოლეგებს ჰკითხა, მიატოვებდა თუ არა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო მათ, თუ წარმატებას ვერ მიაღწევდნენ, რაზეც აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს წარმომადგენელმა განაცხადა:
"ჩვენ ვაჩვენეთ მკაფიო ვალდებულება უკრაინის მიმართ მრავალი წლის განმავლობაში და ეს ვიზიტი იყო კიდევ ერთი ძლიერი სიგნალი იმისა, რომ აშშ-ის ვალდებულება გაგრძელდება."
გამოცემის ცნობით, რუსეთის შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ეს ბერნსის მეათე ვიზიტი იყო უკრაინაში.