"მე ვაპირებ წევრ ქვეყნებს შევთავაზო ფონდი, რათა დავეხმარო უკრაინას ამ ომის ახალი ინსტრუმენტების განვითარებაში, კერძოდ, დრონები და ხელოვნური ინტელექტი", - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ომის შედეგი, ძირითადად, კომუნიკაციისა და ხელმძღვანელობის სისტემების ხარჯზე გადაწყდება.
"ეს არის პატარა დრონები, რომელთა ფრენის დიაპაზონიც 20 კილომეტრია. ისინი ატარებენ ასაფეთქებელი ნივთიერებების ორ კილოგრამიან მუხტს, ძალიან ცოტა ღირს და მეტი არ გჭირდებათ ტანკის განადგურებისთვის", - აღნიშნა მან.
მისივე თქმით, ფრონტის ხაზზე არსებული დრონების წყალობით, ახლა ყველაფერი თვალსაჩინოა - "ტანკები გამოიყენება როგორც სტატიკური არტილერია, ისინი არ გადიან ღია სივრცეში. მათ ან დრონი ეცემა, ან მათ ქვეშ ნაღმია მოთავსებული. ბრძოლის ველზე ყველაფერი ჩანს". ბორელი ამბობს, რომ ახლა ტექნოლოგიების განვითარებაა საჭირო.
"პატარა დრონების მასიური თავდასხმების ფონზე, რომლებიც ბზიკების გუნდს ჰგავს, თავდაცვითი ალტერნატივა საკომუნიკაციო სისტემის დაბლოკვაა. თუ თქვენ შეგიძლიათ მართოთ სპექტრი, დრონი გამოუსადეგარია. ჩვენ უნდა ვატაროთ კლასიკური საბრძოლო მასალები და მხარი დავუჭიროთ მათ ომის თანამედროვე ასპექტებში, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი. საჭიროა სხვადასხვა ტიპის ომზე დაფუძნებული ტექნოლოგიების განვითარება. და ისინი ამას ჯერჯერობით დიდი ოსტატობით აკეთებენ, მაგრამ მეტი სჭირდებათ", - თქვა ბორელმა.