
"დიალოგს უნდა მიეცეს შანსი, ომი სამართლიანი გზით უნდა დასრულდეს", - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, "უკრაინა-სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის" სამიტის ვიდეომიმართვაში განაცხადა და აღნიშნა, რომ ანკარა აგრძელებს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მშვიდობიანი მოგვარების მხარდაჭერას და მზადაა შესთავაზოს პლატფორმა შესაბამისი "მოლაპარაკებებისთვის".
"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შევედით ომის მესამე წელში და მიუხედავად ჩვენი ძალისხმევისა, მშვიდობის დამყარების მიმართულებით საკმარისი პროგრესი არ არის მიღწეული. მე ვრჩები მხარდამჭერად, რომ დიპლომატიას და დიალოგს უნდა მიეცეს შანსი, რომ დასრულდეს ომი სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობით", - განაცხადა ერდოღანმა.
თურქეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ანკარა "ძირითადად მხარს უჭერს" უკრაინის მიერ შემოთავაზებულ "მშვიდობის ფორმულას".
შეგახსენებთ, რომ მოსკოვმა და ანკარამ პუტინის თურქეთში ვიზიტი, მარტის შუა რიცხვებში, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დააანონსეს. რის შემდეგაც ევროკომისიამ ანკარას შეახსენა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინელი ბავშვების გაყვანაში მისი როლის გამო, რუსი დიქტატორის დაკავების ორდერი გასცა.