"იმდენად მძიმეა მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა, დეტალებთან დაკავშირებით ვერ საუბრობს... დაცვის მხარე, სავარაუდოდ, დააყენებს შუამდგომლობას ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე", - ამის შესახებ 22 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებული ოთარ ცინდელიანის ადვოკატი, ანი შიშნიაშვილი საუბრობს.
ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს წარედგინა ბრალდება - განზრახ მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით გენდერის ნიშნით. ამ ეტაპზე იმდენად მძიმეა მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რომ, შესაბამისად, პოზიციებთან დაკავშირებით და საქმის დეტალებთან დაკავშირებით, ის ვერ საუბრობს. შესაბამისად, უფრო მოგვიანებით, დეტალებზე დაცვის მხარე გაამახვილებს ყურადღებას. დაცვის მხარე, სავარაუდოდ, დააყენებს შუამდგომლობას ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე შერაცხადობასთან მიმართებაში. დღეს ან ხვალ იმსჯელებს სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე. პოზიციებს, რა თქმა უნდა, გავაჟღერებთ უკვე სასამართლოში, თუმცა, კიდევ ერთხელ შევათანხმებ, კიდევ ერთხელ მექნება კომუნიკაცია ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან და შესაბამისად, სასამართლოში გაჟღერდება ჩვენი პოზიცია, - თქვა ადვოკატმა, ანი შიშნიაშვილმა.
ცნობისთვის, ოთარ ცინდელიანს პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად წარუდგინა. მას 16-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
შეგახსენებთ, მკვლელობაში ბრალდებული 2003 წელს დაბადებული ოთარ ცინდელიანია, რომელიც სამართალდამცველებმა გვიან ღამით ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დააკავეს, რა დროსაც ის მიკროავტობუსით მესტიისკენ მიემგზავრებოდა.
მკვლელობა 28 თებერვალს მოხდა. ახალგაზრდა გოგოს ცხედარი სახლთან ახლოს, წინაუბნის დასახლებაში, თხრილში ჩაგდებული, მამამ იპოვა.