
ევრაზიის საკითხებში ჩინეთის მთავრობის სპეციალური წარმომადგენელი, ლი ჰუი, მოსკოვში ჩავიდა. მან უკრაინის საკითხზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, მიხეილ გალუზინთან გამართა მოლაპარაკებები.
"შეხვედრაზე ითქვა, რომ პოლიტიკური და დიპლომატიური მოგვარების ნებისმიერი განხილვა შეუძლებელია რუსეთის მონაწილეობისა და უსაფრთხოების სფეროში მისი ინტერესების გათვალისწინების გარეშე," - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მაო ნინგის თქმით, აღნიშნული ვიზიტი არის პეკინის ძალისხმევის ნაწილი, რათა რუსეთი და უკრაინა მოლაპარაკების მაგიდასთან მიიყვანოს.
ცნობისთვის, ჩინეთის მთავრობის სპეციალური წარმომადგენლის მოსკოვში ვიზიტი გუშინ დაიწყო. მისი შემდეგი ვიზიტები დაგეგმილია კიევში, ვარშავაში, ბერლინში, პარიზსა და ბრიუსელში.