
აშშ-ის პრეზიდენტმა ალექსეი ნავალნის ნოვიჩოკით მოწამვლის დადასტურებიდან დღეს პირველი კომენტარი გააკეთა. დონალდ ტრამპი თავს იკავებს, დაადანაშაულოს რუსეთი და ამბობს, რომ ჯერ საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს.
რუსი ოპოზიციონერის მოწამვლას ტრამპი „ტრაგიკულს“ უწოდებს და სანამ მსოფლიო რუსეთსა და პუტინს სთხოვს ახსნა-განმარტებას, აშშ-ის პრეზიდენტი პუტინის კრიტიკისაგან თავს იკავებს და ფიქრობს, რომ საჭიროა ფოკუსირება ჩინეთზე, რადგან ის რუსეთზე დიდი პრობლემაა მსოფლიოსთვის.
არ ვიცი ზუსტად რა მოხდა. მე ვფიქრობ, რომ შემთხვევა არის ტრაგიკული, საშინელი, ის არ უნდა მომხდარიყო. ჩვენ ჯერ არანაირი მტკიცებულება არ გვაქვს, მაგრამ თვალს ვადევნებ მომხდარს. საინტერესოა, რომ ხალხი ყოველთვის რუსეთზე ლაპარაკობს. მე მგონია, რომ სწორედ ჩინეთია ის ქვეყანა, რომელსაც ხალხმა ყურადღება უნდა მიაქციოს, - ამბობს ტრამპი.
შეგახსენებთ, რომ 2 სექტემბერს გერმანიის მთავრობამ დაადასტურა ალექსეი ნავალნის ნოვიჩოკით მოწამვლა.
ფაქტს მალევე გამოეხმაურნენ დასავლელი ლიდერები. ერთადერთი, ვისაც ამ დრომდე პირადი მოსაზრება არ ჰქონდა დაუფიქსირებული, სწორედ დონალდ ტრამპი იყო.
ეროვნული უსაფრთხოების ყოფილმა მრჩეველმა, ჯონ ბოლტონმა Twitter-ის საშუალებით, პრეზიდენტ ტრამპს მოუწოდა მომხდარზე ესაუბრა, რადგან აშშ-ს ლიდერის ოფიციალურ განცხადებას რუსებიც ელოდებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერი და პუტინის კრიტიკოსი, ალექსეი ნავალნი საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში 20 აგვისტოს მოათავსეს.
ნავალნის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები ამტკიცებდნენ, რომ ოპოზიციონერი პუტინის დაკვეთით მოწამლეს. თავის მხრივ კრემლი ბრალდებას უარყოფს.
ნავალნი სამკურნალოდ გერმანიაში 22 აგვისტოს გადაიყვანეს, მას შემდეგ, რაც 21 აგვისტოს ევროკომისიამ განცხადება გაავრცელა და მოსკოვს ნავალნის გერმანიაში გაშვებისკენ მოუწოდა.
ნოვიჩოკის ნერვული აგენტით მოწამვლა პირველი შემთხვევა არაა. 2018 წლის მარტში, გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრმა, ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო დაზვერვის ყოფილი ჯაშუშის სერგეი სკრიპალის და მისი შვილის იულია სკრიპალის სოლსბერიში მოსაწამლად სწორედ ნოვიჩოკი გამოიყენეს.