ეროვნული მუზეუმის ყოფილი თანამშრომელი თემურ შარიქაძე, რომელმაც თეა წულუკიანს სასამართლო დავა მოუგო, "მთავარ არხთან" მისი გათავისუფლების "მიზეზებს" იხსენებს.
"გათავისუფლების მიზეზი იყო, ჩემი 44-წლიანი გამოცდილების მიუხედავად, არაპროფესიონალიზმი, არაკომპეტენტურობა, არაკოლეგიალობა, არავითარი გეგმის და პროგრამების შექმნა და რაც ყველაზე საზიზღარი სიტყვაა - დესტრუქციული ძალები ყოფილან თურმე და ჩვენ ქვეყნის დანგრევას ვაპირებდით. ეს იყო ერთადერთი, რომ თურმე ჩემ დროს იკარგებოდა ექსპონატები და მე ხელს ვაფარებდი ამაზე. მსგავსი არაფერი არ ყოფილა," - ამბობს მეცნიერი.
თემურ შარიქაძე რეგიონული მუზეუმების კოლექციების აღრიცხვა-დაცვის მართვის სექტორს 2014 წლიდან ხელმძღვანელობდა და სამუზეუმო სისტემაში მუშაობის 44-წლიანი გამოცდილება აქვს. ის ეროვნული მუზეუმიდან 2022 წლის მაისში 21 სხვა თანამშრომელთან ერთად გაათავისუფლეს.
გათავისუფლების შესახებ ბრძანებებს ხელი დირექტორის მოადგილემ, ნიკა ახალბედაშვილმა, მოაწერა. სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება უკანონოდ ცნო და მუზეუმს განაცდურის ანაზღაურება და კომპენსაცია დააკისრა. ეს უკვე მე-16 სასამართლო პროცესია, რომელიც კულტურის სამინისტროს სისტემიდან უკანონოდ და რეპრესიულად გათავისუფლებულმა ადამიანებმა წულუკიანს მოუგეს.