თბილისის საქალაქო სასამართლომ ეროვნული მუზეუმიდან თემურ შარიქაძის გათავისუფლება უკანონოდ ცნო და მუზეუმს განაცდურის ანაზღაურება და კომპენსაცია დააკისრა. ამის შესახებ ინფორმაციას მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირი ავრცელებს.
გადაწყვეტილება საქმეზე - თემურ შარიქაძე სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის წინააღმდეგ - მოსამართლე ნანა შამათავამ დღეს, 5 მარტს გამოაცხადა. პროფკავშირების ინფორმაციით, ეს უკვე მე-16 სასამართლო პროცესია, რომელიც კულტურის სამინისტროს სისტემიდან უკანონოდ და რეპრესიულად გათავისუფლებულმა ადამიანებმა მოიგეს.
"სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია თემურ შარიქაძის სამსახურიდან გათავისუფლება და ბათილად ცნო ბრძანება, რომლითაც თემურ შარიქაძე სამსახურიდან გათავისუფლდა, ასევე ეროვნულ მუზეუმს დაეკისრა განაცდურის ანაზღაურება გათავისუფლების დღიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ამასთან ეროვნულ მუზეუმს თემურ შარიქაძის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის სახით 3000 ლარის ანაზღაურება, ვინაიდან სასამართლო, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ჩატარებული მავნებლური რეორგანიზაციის შემდეგ, საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ვერ დაავალდებულებს დასაქმებული აღადგინოს დაკავებულ თანამდებობაზე, რაც მუზეუმისთვის დიდი დანაკლისი იქნება," - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ თემურ შარიქაძე რეგიონული მუზეუმების კოლექციების აღრიცხვა-დაცვის მართვის სექტორს 2014 წლიდან ხელმძღვანელობდა და სამუზეუმო სისტემაში მუშაობის 44-წლიანი გამოცდილება აქვს. ის ეროვნული მუზეუმიდან 2022 წლის მაისში 21 სხვა თანამშრომელთან ერთად გაათავისუფლეს. გათავისუფლების შესახებ ბრძანებებს ხელი დირექტორის მოადგილემ, ნიკა ახალბედაშვილმა, მოაწერა.