ჩხოროწყუს მერზე თავდასხმაში ბრალდებული მერიის ყოფილი თანამშრომელი ბრალს არ აღიარებს - "არაფერი თავდასხმა არ ყოფილა" - განუცხადა ედიკ კვარაცხელიამ ჟურნალისტებს სასამართლოდან საპატიმროში გადაყვანის დროს.
კვარაცხელიას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დღეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა - "ალბათ დავიმსახურე" - თქვა კვარაცხელიამ მცირე კომენტარში.
შეგახსენებთ, დაპირისპირება რამდენიმე დღის წინ, იმ დროს მოხდა, როცა ჩხოროწყუს მერი დავით გოგუა სოფელ მუხურში, მიკროჰესის სამუშაოების დასათვალიერებლად იმყოფებოდა. ადგილზე სპორტის სამსახურის ყოფილი უფროსი, ედიკ კვარაცხელია მივიდა და მათ შორის ჯერ სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, შემდეგ კი ფიზიკური.
გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარი კვარაცხელიას თანამდებობიდან გათავისუფლებას უკავშირდება. ის ჩხოროწყუს მერიის სპორტის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობიდან დაახლოებით 1 თვის წინ, შიდა აუდიტის დასკვნის საფუძველზე გაათავისუფლეს.
საქმეზე გამოძიება თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აღიძრა, რაც ძალადობას გულისხმობს, მოგვიანებით, კი 353-ე მუხლით გადაკვალიფიცირდა, რაც საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის, ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას გულისხმობს.
ავტორი: ემა გოგოხია