
დრონით თავდასხმის შედეგად, რუსეთში ხანძარი გაჩნდა კიდევ ერთ - ნიჟნი ნოვგოროდის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, რომელიც მდებარეობს ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის ქალაქ კსტოვოში. "რია" რეგიონის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ამბობს, რომ დრონები თავს დაესხნენ კსტოვოს ინდუსტრიულ ზონას.
მოგვიანებით ოლქის გუბერნატორმა თავდასხმის შესახებ გავრცელებული ცნობები დაადასტურა:
"დილით, კსტოვოს ინდუსტრიულ ზონას, საწვავის და ენერგეტიკული კომპლექსის ობიექტს, თავს დაესხნენ უპილოტო საფრენი აპარატები", - წერს ნიკიტინი თავის Telegram არხში.
ის დასძენს, რომ დარტყმამ გამოიწვია ხანძარი "ნავთობის გადამამუშავებელ ერთ-ერთ განყოფილებაში" და წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი არაა.
TASS-ის ცნობით, კომპანია "ლუკოილი", რომელიც ფლობს ნიჟნი ნოვგოროდის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, იუწყება, რომ საწარმოში ტექნოლოგიური განყოფილების მუშაობა "ინციდენტის გამო" შეჩერებულია. რომელ ინციდენტზეა საუბარი, არ არის დაკონკრეტებული.
გარდა ამისა, ორიოლის ოლქის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დრონის დარტყმამ ცეცხლი გამოიწვია ორიოლის ნავთობის საცავში. მის ჩაქრობას 60-მდე ადამიანი და სახანძრო მატარებელი ცდილობს. გუბერნატორი ამბობს, რომ მსხვერპლი არ არის.