მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმებას კიდევ ორი მოსამართლე უჭერს მხარს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ქეთი მესხიშვილი და რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მადონა მაისურაძე "მთავარი არხის" გადაცემა, "დღის სტუმრისთვის" მიცემულ წერილობით კომენტარებში ამბობენ, რომ ქვეყანა ახლა ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვან პროცესს გადის და მხარს უჭერენ ყველა იმ რეფორმას, რომელიც ამ გზაზე ქვეყნისთვის აუცილებელია:
ქეთი მესხიშვილი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე: "დღეს ჩვენი ქვეყანა განვითარების მნიშვნელოვან ეტაპზეა, წინ ევროინტეგრაციის პროცესია, ამიტომ ყველა იმ რეფორმის გატარების მომხრე ვარ, რომელიც ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს და ჩვენი სასამართლოს მიმართ ნდობის გაზრდას მოემსახურება.
ვეტინგი საკმაოდ კომპლექსური პროცედურაა და მაღალი რისკების მატარებელიც, თუ პროფესიონალურ დონეზე არ ჩატარდა. მიუხედავად ამისა, საჭიროების შემთხვევაში მექნება მზაობა ნებისმიერი შემოწმების გავლის, იქნება ეს კეთილსინდისიერების, თუ პროფესიონალური ტესტი. არ ვისურვებდი, როგორც მოსამართლე გავმხდარიყავი რაიმე სახის დაბრკოლება, ჩვენი შვილებისთვის უკეთესი მომავლის შექმნის საქმეში."
მადონა მაისურაძე, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე: "როგორც ცნობილია, გასულ წელს მივიღეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და გაწევრიანების მიზნებისთვის, საქართველოსთან ერთად, სხვა ქვეყნებსაც დაევალა მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმება. 9 პუნქტიანი გეგმიდან ეს ერთ-ერთია. ვფიქრობ, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს შესაძლებლობა არ დავკარგოთ. მოსამართლეთა თანამდებობაზე დანიშვნის ერთ- ერთი კრიტერიუმი ისედაც არის კეთილსინდისიერება და ამიტომ ამ კუთხით არ ვფიქრობ, რომ რაიმე პრობლემას წარმოადგენს. ვინაიდან არ ვიცი უზენაესი სასამართლოს უარის მიზეზი, გამიჭირდება განცხადების შეფასება. მოსამართლეები როგორც დანიშვნის, ისე უფლებამოსილების მთელ ვადაზე უნდა აკმაყოფილებდნენ ამ მოთხოვნას. მზად ვარ ჩემი კეთილსინდისიერება გადაამოწმონ. ჩემი შემოსავალი ისედაც საჯაროა და შესაბამისად ყველა მონაცემია ასახული სახელფასო ანგარიშზე."
შეგახსენებთ, ე.წ. ვეტინგს "ოცნების" ხელისუფლება და მასთან დაახლოებული სასამართლო კლანი კატეგორიულად ეწინააღმდეგება. ამასთან დაკავშირებით უზენაესმა სასამართლომ რამდენიმე დღის წინ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების მოთხოვნა "დაინტერესებული პირების მანიპულაციური, მოჩვენებითი ზრუნვაა მართლმსაჯულების სისტემაზე" და რომ ეს პროცესი "მოსამართლის დამოუკიდებლობას ლახავს".
აღნიშნული პოზიცია არ გაიზიარა უზენაესის ორმა მოსამართლემ - ნინო ბაქაქურმა და ეკატერინე გასიტაშვილმა. საკუთარი პოზიცია მოსამართლეებმა პლენუმის ოქმშივე დააფიქსირეს.