ISW: რუსეთი აპირებს დაიცვას შავი ზღვის ფლოტი უკრაინის თავდასხმებისგან

გამოქვეყნდა:

ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW) ყოველდღიურ მიმოხილვაში წერს, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აპირებს დაიცვას შავი ზღვის ფლოტი უკრაინის თავდასხმებისგან და სავარაუდოდ ამ ძალისხმევის ფარგლებში, შეცვალა ფლოტის მეთაური. 

17 მარტს უწყებამ განაცხადა, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ ეწვია შავი ზღვის ფლოტის სამეთაურო პუნქტს ოკუპირებულ სევასტოპოლში, სადაც მოისმინა მოხსენებები უკრაინის ოპერაციებისა და ფლოტის მოქმედებების შესახებ.

შოიგუს თქმით, შავი ზღვის ფლოტმა უნდა ჩაატაროს ყოველდღიური წვრთნები საჰაერო და საზღვაო თვითმფრინავებიდან თავდასხმების მოსაგერიებლად,ნრათა ყველა რუსული ეკიპაჟი მზად იყოს ასეთი თავდასხმებისგან თავის დასაცავად. შოიგუმ უბრძანა დამატებითი იარაღის დაყენება,მათ შორის დიდი კალიბრის სისტემები და ტყვიამფრქვევები.

შოიგუმ ასევე მოისმინა მოხსენება ვიცე-ადმირალ სერგეი პინჩუკისგან, რომელმაც, ზოგიერთი რუსული წყაროს თანახმად, ცოტა ხნის წინ შეცვალა ადმირალი ვიქტორ სოკოლოვი შავი ზღვის ფლოტის მეთაურად. ISW-ის ექსპერტები წერენ, რომ ამ მონაცემებს ვერ ადასტურებენ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი იტყობინება, რომ თებერვლის დასაწყისისთვის უკრაინის დარტყმებმა მწყობრიდან გამოიყვანა შავი ზღვის ფლოტის ხომალდების დაახლოებით 33%, მათ შორის 24 ხომალდი და ერთი წყალქვეშა ნავი.

ISW-ს თქმით, შოიგუს პოზიცია შავი ზღვის ფლოტის დაცვასთან დაკავშირებით ქმნის პირობებს, რომ მინისტრმა მიიღოს დამსახურება, თუ ფლოტი უფრო ეფექტური გახდება უკრაინის თავდასხმებისგან დასაცავად, ან სხვა მეთაურები დაადანაშაულოს, თუ ეს ვერ მოხერხდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი