"ჩვენ გვაქვს არგუმენტები, ველოდებით არგუმენტებს" | კობახიძე EU-ს, მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმებაზე

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე კვლავ აცხადებს, რომ ე.წ. ვეტინგის თემა, რაც მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმებას გულისხმობს, დახურულია. 

კობახიძე ასევე ამტკიცებს, რომ ამ სისტემის აუცილებლობაზე მყარი არგუმენტები არავის წარმოუდგენია:

"ჩვენ გვაქვს მყარი არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, რომ ე.წ. ვეთინგი ეწინააღმდეგება სამართლის უზენაესობის და სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპს. თუ ვინმე არგუმენტებით დაგვისაბუთებს, რომ ეს ასე არ არის, ე.წ. ვეთინგი არ ხელყოფს ჩვენს სუვერენიტეტს, სამართლის უზენაესობას, მზად ვართ, ყველა არგუმენტი განვიხილოთ. მაგრამ დღემდე ვერავინ ვერ წარმოადგინა და ვერც წარმოადგენს არგუმენტებს იმასთან დაკავშირებით, რომ ე.წ. ვეთინგი არ ხელყოფს სამართლის უზენაესობის პრინციპს, ხელისუფლების დანაწილების პრინციპს. შესაბამისად, დაველოდებით არგუმენტებს, მაგრამ დღემდე ვერცერთი არგუმენტი ვერ მოვისმინეთ...

ჩვენ გვაქვს არგუმენტები, ველოდებით არგუმენტებს. თქვენ გახსოვთ რა ხდებოდა საქართველოში, სასამართლო სისტემაში 2004-2012 წლებში. ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რითაც დაიმორჩილა მაშინ ხელისუფლებამ სასამართლო სისტემა იყო სწორედ ე.წ.ვეთინგი. ეხლა უნდათ, რომ ოპოზიციამ დაიმორჩილოს ე.წ. ვეთინგით სასამართლო ხელისუფლება. ეს არის ოპოზიციის განზრახვა და მიზანი და ამიტომ ლობირებენ საზღვარგარეთ ამ საკუთარ ინტერესებს. ჩვენ გვაქვს საპირისპირო ამოცანა. ჩვენი ამოცანაა, რომ ქართული სასამართლო სისტემა იდგეს ადამიანის უფლებებს, მათი უფლებების დაცვის სადარაჯოზე. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა," - ამბობს კობახიძე.

შეგახსენებთ, გუშინ ევროკავშირის წარმომადგენლობამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ  სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების გადასაჭრელად, საქართველოს სჭირდება შეიმუშაოს მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმების ერთიანი სისტემა, სადაც ჩართულები იქნებიან ექსპერტები, რომლებსაც ამ პროცესში გადამწყვეტი როლი ექნებათ.

ასევე ნახეთ: 

ევროპული მარში რესპუბლიკის მოედნიდან | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი