ეროვნული მუზეუმი ეხმაურება ყოფილი თანამშრომლის, ნიკა წიქარიძის საქმეზე საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და აცხადებს, რომ არ განიხილავს და არც მომავალში განიხილავს ყოფილი თანამშრომლის მუზეუმში დაბრუნებას.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ კანონით დადგენილ ვადაში მიიღებენ გადაწყვეტილებას სასამართლო დავის გაგრძელების თაობაზე.
მუზეუმი მიესალმება, რომ საქალაქო სასამართლომ ნიკოლოზ წიქარიძის მიმართ დისკრიმინაციის ფაქტი არ დაადგინა.
ცნობისთვის, სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია ნიკოლოზ წიქარიძე სამსახურიდან გათავისუფლება, ასევე ეროვნულ მუზეუმს დაეკისრა განაცდურის ანაზღაურება გათავისუფლების დღიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ამასთან ეროვნულ მუზეუმს ნიკოლოზ წიქარიძე სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის სახით 2000 ლარის ანაზღაურება, ვინაიდან სასამართლო, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ჩატარებული მავნებლური რეორგანიზაციის შემდეგ, საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ვერ დაავალდებულებს დასაქმებული აღადგინოს დაკავებულ თანამდებობაზე.
იხილეთ მუზეუმის განცხადება:
"თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ყოფილი თანამშრომლის, ნიკოლოზ წიქარიძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა სამსახურში აღდგენის, დისკირიმინაციის ფაქტის დადგენისა და 5000 ლარის ოდენობით მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში.
სასამართლომ მიიჩნია, რომ რეორგანიზაციის პროცესში ნიკოლოზ წიქარიძის სამსახურიდან გათავისუფლება არ შეიცავდა დისკრიმინაციის ნიშნებს, შესაბამისად, ეროვნულ მუზეუმს არ დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება.
ნიკოლოზ წიქარიძის სარჩელი დაკმაყოფილდა განაცდურის ანაზღაურების ნაწილში, მუზეუმს მოსარჩელის მიმართ დაეკისრა განაცდურის სახით ყოველთვიურად 900 ლარის გადახდა, 2022 წლის ივლისიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. ასევე აღდგენის შეუძლებლობის გამო კომპესაცია 2000 ლარის ოდენობით.
სსიპ - საქართველოს ეროვნული მუზეუმი მიესალმება სასამართლო გადაწყვეტილებას სამსახურში აღდგენაზე უარისა და დისკრიმინაციის არარსებობის ნაწილში, აცხადებს, რომ არ განიხილავს და არც მომავალში განიხილავს ყოფილი თანამშრომლის მუზეუმში დაბრუნებას და კანონით დადგენილ ვადაში მიიღებს გადაწყვეტილებას სასამართლო დავის გაგრძელების თაობაზე.