ღიად პრორუსული პარტია "პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი, ირმა ინაშვილი ნაძალადევში მაჟორიტარ კანდიდატად იყრის კენჭს. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ, პარტიის შეკრებაზე გახდა ცნობილი.
ირმა ინაშვილი იქნება ჩვენი პირველი და მთავარი მაჟორიტარობის კანდიდატი. ნაძალადევის რაიონში, თბილისში, იქ სადაც შალვა ნათელაშვილია მგონი ზუსტად, ხოდა ყველაფერი გამოჩნდება, - თქვა დავით თარხან მოურავმა.
ნაძალადევში ერთიანი ოპოზიციის კანდიდატი "ლეიბორისტული პარტის" ლიდერი, შალვა ნათელაშვილია, მმართველი პარტიიდან კენჭს მიხეილ ყაველაშვილი იყრის.
თბილისის ოლქებში მაჟორიტარების სრული სია შეგიძლიათ ნახოთ აქ - ვინ იბრძოლებს თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში გამარჯვებისთვის.
შეგახსენებთ, რომ "პატრიოტთა ალიანსის" წინააღმდეგ არსებობს არაერთი ბრალდება, რომ პარტია ოკუპანტი ქვეყნიდან ფინანსდება და ქვეყანაში მათი ინტერესების გამტარებელია. მაგალითად ცენტრ „დოსიეს“ გამოძიება, რითიც იკვეთება, რომ პატრიოტები 8 მილიონ დოლარზე მეტით წინასაარჩევნოდ კრემლიდან ფინანსდებიან.
29 აგვისტოს კი "პატრიოტთა ალიანსმა" ბათუმში გამოაქვეყნა ბანერი, სადაც პარტიამ აჭარა ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მსგავსად წითლად გააფერადა.
პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები კი პარტიის არჩევნებიდან მოხსნას ითხოვენ.