"ენმ"-ს წევრი, დეპუტატი კობა ნაყოფია ცესკო-ს ურჩევს იმ პრობლემების მოგვარებით დაკავდეს, რომელიც რეალურად აქვს და უცხოელი პარტნიორების რეკომენდაციები გაითვალისწინოს.
ნაყოფია დღეს საარჩევნო ადმინისტრაციის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც ჟვანიას უწყებამ საქართველოს მესამე პრეზიდენტის საარჩევნო პროცესში ჩართვასთან დაკავშირებით გააკეთა.
"მთავარი არხის" ეთერში, გადაცემა "დღის სტუმარში" ნაყოფია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო, არის და იქნება ქართულ პოლიტიკაში და მას ამას ვერავინ აუკრძალავს
საქართველოს მესამე პრეზიდენტის გეგმებში ეს განმარტება (ცესკო-ს) არაფერს არ შეცვლის. ჯერ არავის არ აუკრძალავს და ვერავინ ვერ აუკრძალავს მიხეილ სააკაშვილს იყოს ქართულ პოლიტიკაში, რადგან ის იყო, არის და იქნება ქართულ პოლიტიკაშ ყოველთვის" ამბობს ნაყოფია.
მისივე თქმით, ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციას ბევრი ხარვეზი აქვს გამოსასწორებელი, მათ შორისაა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევები, ასევე ზოგადად საარჩევნო გარემო და არჩევნების ჩატარების მექანიზმები
უამრავი რაღაც აქვს ცესკო-ს გამოსასწორებელი და ჯობია იმაზე იდარდოს, ვიდრე რაზეც დარდობს. ვურჩევდი, არ ინერვიულოს მიხეილ სააკაშვილის ბედზე, ის ადამიანი თვითონ განსაზღვრავს ამას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ის ადმიანი იყო არის და იქნება ქართულ პოლიტიკაში." ამბობს ნაყოფია.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი ვიდეომიმართვა იყო გასაგები, მარტივი და ყურადღება იყო გამახვილებული საზოგადოებისთვის საინტერესო თემებზე:
კარგად გახსოვთ რამხელა მიღწევები იყო მისი მმართველობის პერიოდში საქართველოში და მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ რომ, ის ქართული საზოგადოების წინაშე, თითოეულ პუნქტზე აგებს პასუხს და შესრულებული იქნება თითოეული პუნქტი. ყველას კარგად ახსოვს ის პერიოდი, როდესაც ჩვენ ვპირდებოდით, ის პირდებოდა მოსახლეობას, ყველა პირობა შესრულდა და ქვეყანასაც დაეტყო. მერე რაც მოჰყვა 8 წლის განმავლობაში და რაც ხდება, ამასაც ყველა კარგად ხედავს" ამბობს კობა ნაყოფია.
ცესკო-ში ამბობენ, რომ ჯერჯერობით უცხო ქვეყნის მოქალაქის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვის ფაქტი არ დადასტურებულა და თუ მსგავსი შემთხვევა იქნება, საარჩევნო ადმინისტრაციას კანონის შესაბამისად იმოქმედებს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი "ენმ"-მ და "ძალა ერთობაშიამ" პრემიერმინისტრობის კანდიდატად გუშინ, 7 სექტემბერს დაასახელა.
სპეციალურ ვიდეომიმართვაში კი მიხეილ სააკაშვილმა დაადასტურა, რომ მზად არის მიიღოს შეთავაზება, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ ის პრემიერმინისტრობას მხოლოდ 2 წლით აპირებს.