მიხეილ სააკაშვილი გაერთიანებულმა ოპოზიციამ პრემიერობის კანდიდატად წარადგინა

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილი გაერთიანებულმა ოპოზიციამ "ძალა ერთობაშია" პრემიერობის კანდიდატად წარადგინა. ინფორმაცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ დღევანდელ ბრიფინგზე გაახმაურა.

მიხეილ სააკაშვილი უნდა დაბრუნდეს საქართველოში და ის უნდა იყოს პირისპირ თავის ხალხთან. ზუსტად ამიტომ, "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" და გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალმა ყველა სხვა პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, მისი კანდიდატურა დავასახელოთ საქართველოს პრემიერმინისტრობაზე, - ამბობს ვაშაძე.

ენმ-ს თავმჯდომარის თქმით, დეტალებთან დაკავშირებით, სააკაშვილი საღამოს თავად ისაუბრებს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა 27 აგვისტოს, სპეციალური ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც განაცხადა, რომ საქართველოში ბრუნდება.

ცნობისთვის, "ქართულმა ოცნებამ", ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ არაერთი საქმე აღძრა.

სააკაშვილმა კი საქართველო 2013 წელს, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ დატოვა.

პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს ბრალი წარუდგინა 2007 წლის 7 ნოემბრისა და ტელეკომპანია "იმედის" დარბევის საქმეზე, დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე. პრეზიდენტ სააკაშვილს უკავშირდება ე.წ. "პიჯაკების საქმეც" - პროკურატურა მესამე პრეზიდენტსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას საბიუჯეტო სახსრების, კერძოდ კი 9 მილიონი ლარის გაფლანგვას ედავება. სააკაშვილს ბრალი წარუდგინეს სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზეც. 

მაშინ, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის თანაგუნდელები, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ არსებულ "უსამართლო პოლიტიკურ დევნაზე" საუბრობდნენ.

ამ დროისთვის, მიხეილ სააკაშვილს პატიმრობა მისჯილი აქვს: 

  • სანდრო გირგვლიანის საქმეზე - თავისუფლების სამი წლით აღკვეთა;
  • ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე - ექვსწლიანი პატიმრობა.

მიმდინარე საქმეები: 

  • 7 ნოემბრის საქმე;
  • ე.წ პიჯაკების საქმე.

სააკაშვილი 7 მაისიდან უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.

შეგახსენებთ, რომ 31 ოქტომბერს ჩანიშნულ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად სულ 66 პოლიტიკური პარტია დარეგისტრირდა. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი