ოკუპანტების მიერ გატაცებული ზაზა გახელაძე წითელი ჯვრის წევრებმა ცხინვალში მოინახულეს

გამოქვეყნდა:

საოკუპაციო რეჟიმის მიერ, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალიდან გატაცებული ზაზა გახელაძე წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში მოინახულეს.

ზაზა გახელაძის მეუღლის, ირმა ბუთხუზის განცხადებით, წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა ოკუპირებული ცხინვალის ციხეში მყოფ ზაზა გახელაძეს უკვე გადასცეს ოჯახიდან გაგზავნილი ორი წერილი. ცხინვალის ციხიდან გამოგზავნილ წერილს კი ოჯახს წითელი ჯვარი ხვალ გადასცემს.

შეგახსენებთ, რომ ზაზა გახელაძე 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ოკუპანტებმა ჯერ დაჭრეს, შემდეგ კი დააკავეს. საოკუპაციო რეჟიმმა 18 ივლისს საქართველოს მოქალაქეზე განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ზაზა გახელაძე დაკავებულია და კარანტინშია გადაყვანილი. 

საოკუპაციო რეჟიმის მტკიცებით, გახელაძე არ დაემორჩილა სამხედროების მოწოდებას, მინიმუმ 5-ჯერ მაინც ესროლა ერთ-ერთ მათგანს და საპასუხო ცეცხლის გახსნის შემდეგ დაიჭრა. მას ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამართალდამცავებმა ბრალი რუსეთი სისხლის სამართლის კოდექსით წარუდგინეს.

საოკუპაციო რეჟიმმა ქართული მხარე კონფლიქტის მოუგვარებლობაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ საქართველო საერთაშორისო პარტნიორებთან "აბსურდულ პრეტენზიებს" გამოხატავს. კაბულოვის თქმით, "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტის" არაღიარებით, ქართული მხარე კონფლიქტის ცივილიზებული გზით მოაგვარების ყველა შანსს კარგავს.

კაბულოვმა მიკერძოებულობაში და საქართველოს სასარგებლო, არაობიექტური განცხადებების გაკეთებაში დაადანაშაულა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც, რომელმაც განაცხადა, რომ ინციდენტს აქტიურად დააკვირდება.

ოკუპირებული ცხინვალის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას და დასავლელ კურატორებს "უნდა ესმოდეთ", რომ ზაზა გახელაძეს არა მათი დახმარება, არამედ კვალიფიციური იურისტები სჭირდება.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი