ღარიბაშვილი თვითიზოლაციაში? - მინისტრის მეუღლემ "რესპუბლიკა" დახურა, რესტორნის თანამშრომელს კი ვირუსი დაუდასტურდა

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრი და მისი ოჯახი თვითიზოლაციაშია. სამინისტროში ამაზე კომენტარს არ აკეთებენ, წყარო კი "მთავარს" უყვება, რომ 6 სექტემბერს ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლემ დაბადების დღე რესტორან "რესპუბლიკაში" გადაიხადა და ტერასა დახურა. დახურულ წვეულებაზე მყოფ რესტორნის თანამშრომელს კი რამდენიმე დღეში კოვიდ-19 ოფიციალურად დაუდასტურდა.

ობიექტი ახლა დახურულია. რესტორნის თანამშრომლების ნაწილი - თვითიზოლაციაში, ნაწილი კი კარანტინშია

დღეს კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, საიდანაც უმრავლესობა აჭარასთანაა დაკავშირებული. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა აჭარის რეგიონი დღეს წითელ ზონად გამოაცხადა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია ჩაიკეტება თუ არა რეგიონი 

აჭარაში მოგზაურობის ისტორია უფიქსირდება კერძო კლინიკის ექიმს, რომელსაც კოვიდ-19 შაბათს დაუდასტურდა.

კორონავირუსის შემთხვევა დღეს "მედკაპიტალის" კლინიკაშიც დადასტურდა . შემთხვევის მიუხედავად კლინიკა ამ დროისთვის სრული დატვირთვით მუშაობს, მოსაცდელში კი სოციალური დისტანცია დაცული არ არის. 

აჭარაში მოგზაურობის ისტორია უფიქსირდება "ცისკარის" სტუმარსაც. ღონისძიებას, რომელიც პარასკევს ჩატარდა, 1000-მდე ადამიანი ესწრებოდა, თუმცა მათგან კარანტინში მხოლოდ ის პირები გადაიყვანეს, რომლებსაც ინფიცირებულ გოგონასთან პირდაპირი კავშირი ჰქონდათ. ეპიდემიოლოგებისგან კი ღონისძიების ორგანიზატორს არ მიუღია რეკომენდაცია, რომ თანამშრომლები თვითიზოლაციაში გადავიდნენ.

დღეს კორონავირუსი  თბილისიდან თელავში ჩასულ ექიმსაც დაუდგინდა. ექიმს სავარაუდოდ, კონტაქტი ინფიცირებულ  კოლეგასთან ჰქონდა, რომელიც ერთ-ერთ ადგილობრივ კლინიკაში მუშაობს. დაინფიცირებული ექიმი რამდენიმე ოჯახში იმყოფებოდა. ქალს კონტაქტი  მამასთანაც ჰქონდა, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის გურჯაანის განყოფილებაში მუშაობს. 

დღეს კი მწვანე ზონის სტატუსი დაკარგა ცაგერის მუნიციპალიტეტმა, სადაც ინფიცირების რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა. ჩატარებული კვლევებით ინფიცირება რეგიონში 5 პირს უდასტურდება. კოვიდ-19-ით ინფიცირებულები კი თბილისში ქორწილში იმყოფებოდნენ.

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები ამბობენ, რომ "ოცნება" მეორე ტალღას მოუმზადებელი ხვდება და ვარაუდობენ, რომ კოვიდ-19-ს ხელისუფლება წინასაარჩევნოდ სათავისოდ გამოიყენებს. 

საკოორდინაციო საბჭოს საგანგებო შეხვედრის შემდეგ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მოქალაქეებს მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდა. ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ  1 კვირაში სწავლა იწყება, ეპიდემიოლოგები ინფიცირებულთა ზრდას ელოდებიან.

არჩევნების თარიღის შესაძლო გადადებასთან დაკავშირებით, "მთავარი არხის" გენელარულმა დირექტორმა მოსაზრება ჯერ კიდევ ივნისში, "მთავარ აქცენტებში", "ოცნების" ლიდერების განცხადებებზე დაყრდნობით გამოთქვა:

ეს ივნისი კორონადან გამოსავალი ივნისი და არჩევნებზე შესასვლელი ივნისია. ძალიან დიდი ხანია მუსირებს აზრი, რომ არჩევნები გადაიდება. რატომ? იმიტომ რომ "ოცნებას" უჭირს, "ოცნება" მარცხდება და "ოცნება" მიდის" - თქვა ნიკა გვარამიამ

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი