ქართველი მებრძოლი კოკა მურაჩაშვილი უკრაინის რადამ "ბრძოლაში მამაცობისათვის" ორდენით დააჯილდოვა. ის დანაყოფ "შავი არწივის" რიგებში ირიცხება.
მურაჩაშვილი ცოტა ხნის წინ ბახმუტის მიმართულებაზე სამხედრო დავალების შესრულების დროს დაშავდა, ექიმებმა მებრძოლისთვის ფეხის შენარჩუნება ვერ შეძლეს. კოკა მურაჩაშვილი წლების განმავლობაში საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა, არის აგვისტოს ომის ვეტერანი და არაერთი საერთაშორისო სამშვიდობო მისიის მონაწილე.
"ვიმყოფებოდით უშუალოდ სპეცოპერაციაზე, მე ვარ ალფა ჯგუფის მეთაური, და ერთ-ერთმა კამიკაძე დრონმა ამაფეთქა, მომიწია ფეხის ამპუტაცია. დავალება იყო ძალიან სპეციფიკური, კი დავკარგე ფეხი, მაგრამ ის რაც უნდა გაკეთებულიყო, შესრულდა ხუთიანზე. დამაჯილდოვა რადამ ბრძოლაში მამაცობისთვის მედლით, კიდევ ველოდები რამდენიმე მედალს, წოდებასაც ასევე, მთავარია რეაბილიტაცია მოხდეს სწრაფად და ხარისხიანად, პროთეზი გავიკეთო და დავბრუნდები აუცილებლად ისევ ბრძოლის ველზე, ერთხელ და სამუდამოდ რუსეთის გადადგმული ნაბიჯები წინ უნდა დასრულდეს", - ამბობს კოკა მურაჩაშვილი.